თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. დავით საყვარელიძემ, რომელიც წარსულში საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გაყიდვის მცდელობაში დასდო ბრალი.
ლაშა ნაცვლიშვილი ივანიშვილის თანამებრძოლი და საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის პირველი მოადგილე იყო 2012-2013 წლებში. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო (2004-2008), ხოლო უფრო ადრე, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას — სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე.
„ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დაგიდასტურებთ, რომ ნარკომანი და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს მას შეხვდა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მას შემდეგ, რაც განაწყენებული იყო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე და რეჟიმზე, რადგან გაგდებული იყო, და რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერები და ფარული თვალთვალის აუდიომასალა“, — განაცხადა საყვარელიძემ ტელეკომპანიის Rustavi2 პირდაპირ ეთერში.
2013 წელს თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გარკვეული პერიოდი ნაცვლიშვილი ევროპაში ცხოვრობდა, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა.
საყვარელიძეს თავისი მეგობრის ვინაობა არ დაუსახელებია, აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში ის თვითონ იტყვის ყველაფერს. აღმოჩნდა, რომ ეს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა. მან ამის შესახებ თავად განაცხადა გადაცემა „არჩევანში“.
„მე ვარ საყვარელიძის ის მეგობარი, რომელსაც ნაცვლიშვილმა ჩანაწერების ყიდვა შესთავაზა“, — განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, ეს იყო ფარული მოსმენის ჩანაწერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის.
„მას მასალები დღემდე აქვს შენახული ერევანში. ასე მითხრა, რომ ეს მასალები მის მეგობართან ინახება ერევანში, დიდი რაოდენობით მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც. ერთ-ერთი მათგანი მე მან მომასმენინა — ივანიშვილი თავის თანამშრომელს ესაუბრებოდა“, — განაცხადა გვარამიამ.
მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნული აუდიომასალის ყიდვაზე უარი განაცხადა, ნაცვლიშვილმა მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიევში მყოფ ლიდერებთან დაკავშირება სთხოვა.
განცხადება ნაცვლიშვილის შესახებ ექს-ჩინოვნიკმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა საქმის დეტალები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პაატა ქათამაძისა და ბესარიონ ალავიძის მუშაობაში უხეში ჩარევის შესახებ, სადაც ის მთავარი ფიგურანტია.
ქათამაძე და ალავიძე „რუსთავი 2“-ის მფლობელობის საქმეს განიხილავენ.
პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 14 იანვარს, მას შემდეგ, რაც მოსამართლეებმა ალავიძემ და ქათამაძემ დაწერეს განცხადება იმის თაობაზე, რომ ხორციელდება მათი დისკრედიტაციის მცდელობა. მათ განაცხადეს, რომ მიიღეს წერილები თითქოსდა საყვარელიძისგან, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებები უკრაინული ნომრებიდან.
ერთ-ერთი წერილის თანახმად, მოსამართლეებს მოუწოდეს, საჯაროდ განეცხადებინათ მათზე ზეწოლის შესახებ, რის შემდეგ შავი პიარით უკვე გვარამია დაკავდებოდა. შედეგად დაზარალდება ქვეყნის ხელისუფლება — დაეცემა მისი ავტორიტეტი, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, რაც საბოლოოდ ხელისუფლების შეცვლას გამოიწვევს, ხოლო თავად მოსამართლეები გმირები გახდებიან.
ამ წერილებსა და შეტყობინებებს საყვარელიძემ ყალბი უწოდა.