თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგის ცხრილში 87-ე ადგილი უკავია, მსოფლიოს მერვე ჩოგანს, ავსტრიელ დომინიკ ტიმს ორ სეტში (6:4, 6:4) სძლია. АТР-ს სერიის ტურნირი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარეობს.
პირველი სეტის შუა მომენტამდე თითოეული ჩოგბურთელი დამაჯერებლად იღებდა საკუთარ ჩაწოდებას. მაგრამ მეშვიდე გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკის გაკეთება შეძლო და პარტიის დასრულებამდე უპირატესობა შეინარჩუნა.
საინტერესოა, რომ დასკვნითი გეიმი თავის ჩაწოდებაზე ბასილაშვილმა სულ რაღაც 54 წამში მოიგო.
მეორე სეტისა და მთელი მატჩის გადამწყვეტი მომენტი მესამე გეიმი გახდა, რომელშიც ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრიელის ჩაწოდება აიღო. ყველანაირი მცდელობის მიუხედავად ტიმმა ბრეიკის აღება ვეღარ შეძლო.
ბულგარეთის ტურნირზე ტიმი პირველ ნომრად იყო განთესილი.
ბასილაშვილმა ასეთი მაღალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელს თავისი კარიერის განმავლობაში პირველად სძლია. მანამდე ქართველი ჩოგბურთელის უმაღლესი მიღწევა რამდენიმე თვის წინ ვენაში გამართულ ტურნირზე მსოფლიოს მეათე ჩოგნის, ჩეხი ტომაშ ბერდიხის დამარცხება იყო.
ტურნირის ნახევარფინალში გასასვლელად ბასილაშვილი მსოფლიოს 36-ე ჩოგანს, სლოვაკ მარტინ კლიჟანს დაუპირისპირდება, რომელმაც ბოლო მატჩში გერმანელი დანიელ ბრანდსი ორ პარტიაში დაამარცხა (7:6, 6:2).
ტურნირი ბულგარეთში 12 თებერვლამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდია 540 ათასი ევრო.