თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორ სეტში ფრანგ ადრიან მანარინოს სძლია (7:6, 7:6) და სოფიაში АТР 250 სერიის ტურნირის მეორე წრეში გავიდა.
პირველი სეტის შუა მომენტამდე ჩოგბურთელები დამაჯერებლად იგებდნენ საკუთარ ჩაწოდებას, მაგრამ მეექვსე გეიმში ბასილაშვილს პირველი მოწოდება არ წაუვიდა, რის შედეგადაც ფრანგმა ბრეიკი გააკეთა.
თუმცა მანარინომ, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 56-ე ადგილი უკავია, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. მეცხრე გეიმში ბრეიკი უკვე ქართველმა გააკეთა და პარტიის ბედი ტაი-ბრეიკში გადაწყდა, სადაც უფრო ძლიერი ბასილაშვილი აღმოჩნდა.
მეორე სეტი ქართველი სპორტსმენისთვის, შეიძლება ითქვას, კატასტროფულად დაიწყო, მაგრამ მეექვსე და მერვე გეიმებში ბასილაშვილმა შეუძლებელი შეძლო.
პირველი სეტის მსგავსად, მეორე პარტიის გამარჯვებულის გამოვლენა ტაი-ბრეიკით გახდა საჭირო, სადაც უფრო ძლიერი ისევ ბასილაშვილი აღმოჩნდა.
მეორე წრეში ქართველ ჩოგბურთელს მსოფლიოს მერვე ჩოგანი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაუპირისპირდება, რომელიც სოფიის ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი.
ტურნირი ბულგარეთში 12 თებერვლამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდია 540 ათასი ევრო.