თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული აკადემიური თეატრი საზღვარგარეთ გასტროლების რაოდენობით საქართველოს თეატრებს შორის ლიდერია, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ თეატრში.
ეს ცნობილი გახდა საქართველოს თეატრების ყოველწლიური რეიტინგების გამოქვეყნების შემდეგ, რომელსაც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი უკვე მეექვსედ ატარებს.
„გრიბოედოვის თეატრი წლის განმავლობაში გასტროლების რაოდენობით პირველ ადგილზე გავიდა. თეატრს 19 გასტროლი ჰქონდა, მათ შორის 15 — საზღვარგარეთ. 2016 წელს გრიბოედოველები იმყოფებოდნენ რუსეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსში, ფინეთსა და სომხეთში და სხვადასხვა სცენაზე სპექტაკლები 21-ჯერ ითამაშეს“, — განუცხადა Sputnik-ს თეატრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო წითლანაძემ.
ეს გრიბოედოვის თეატრის ერთადერთი წარმატება არ არის. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის რეიტინგში აღნიშნულია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი. ის დასახელებულია საუკეთესო ქართველ რეჟისორთა შორის, რომლებმაც 2016 წელს აღიარება მოიპოვეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე.
„გარდა ამისა, გრიბოედოვის თეატრი მესამე ადგილზეა თეატრის დატვირთვის რეიტინგში. მისი რესურსები გამოიყენება 79,93%-ით. თეატრი სარეპერტუარო სპექტაკლების რაოდენობით მეოთხე ადგილზე გავიდა თეატრების ხუთეულში. წლის განმავლობაში ორივე სცენაზე 26 სხვადასხვა დადგმა აჩვენეს. სულ თეატრის რეპერტუარში ამჟამად 34 სპექტაკლია“, — აღნიშნა წითლანაძემ.
გრიბოედოვის თეატრი რეიტინგში მოხვდა კოპროდუქციის კატეგორიაშიც. 2016 წელს ფინურ თეატრალურ კომპანია Sadsongscomplex:fi-სთან ერთად დაიდგა სპექტაკლი „გაყინული სურათები“ თანამედროვე ფინელი დრამატურგის კრისტიან სმედსის პიესის მიხედვით. სპექტაკლი დადგა ცნობილმა ფინელმა რეჟისორმა იარი იუტინენმა. მონაწილეობდნენ რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გრიბოედოვის თეატრის მიზნობრივი ჯგუფის სტუდენტები (ავთანდილ ვარსიმაშვილის კურსი).
ტრადიციულად დასახელდნენ საუკეთესო მსახიობებიც. დიპლომი ნომინაციაში „წლის საუკეთესო მსახიობი“ მიიღო აპოლონ კუბლაშვილმა სპექტაკლში „მოთამაშეები“ შესრულებული როლისთვის (რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი).
წოდება „წლის ყველაზე პროდუქტიული დამოუკიდებელი რეჟისორი“ მიენიჭა ლევონ უზურიანს. მან გრიბოედოვის თეატრში 2016 წელს სამი სპექტაკლი დადგა.
შეაფასეს თეატრის ქორეოგრაფიც — დავით მეტრეველი ყველაზე პროდუქტიული ქორეოგრაფების რიცხვში შევიდა.
როგორც გრიბოედოვის თეატრში აღნიშნეს, ის ყოველწლიურად მონაწილეობს თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის პროექტში და უცვლელად შედის ქვეყნის საუკეთესო თეატრების ხუთეულში.