თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს ინსპექტორ-გამომძიებელი ნუგზარ დახუნდარიძე მეზობლის, მინდია სულაძის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეზობლებს შორის კამათი გასული წლის 5 მაისს მოხდა. იმ დღეს დახუნდარიძე სულაძესთან სახლში მივიდა და სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა საძინებელი ოთახის და ჰოლის მიმართულებით, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარი ფაქტის შემდეგ მინდია სულაძემ დახმარება თავისი დის ქმარს, ადვოკატ ავთანდილ ბუცხრიკიძეს სთხოვა, რომელმაც „112“-ში დარეკა და დანაშაულის შესახებ განაცხადა.
რამდენიმე წუთის შემდეგ დახუნდარიძე ბუცხრიკიძეს დაუკავშირდა და მისი და მისი ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრა. შემდეგ, როდესაც გაიგო, რომ სულაძის მოკვლა ვერ მოახერხა, გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, სადაც უკვე პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მისული.
დახუნდარიძე „კოლეგების“ დანახვამ ვერ შეაჩერა, ის სულაძეს მიუახლოვდა და სამჯერ დამიზნებით ესროლა, საბედნიეროდ, სულაძეს არცერთი ტყვია არ მოხვედრია.
შემთხვევის ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დახუნდარიძე განაიარაღეს და დანაშაულის ადგილს განარიდეს. შემთხვევის ადგილის დატოვებისას ნუგზარ დახუნდარიძე მინდია სულაძესა და ავთანდილ ბუცხრიკიძეს კვლავ დაემუქრა პირადი და ოჯახის წევრების მკვლელობით.
სამართალდამცველებმა დახუნდარიძე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
მას თავიდან ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წარედგინა: 239-ე („ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და ძალადობის მუქარით“), 19, 108-ე („განზრახ მკვლელობის მცდელობა“), 151-ე („მუქარა“) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით („სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნუგზარ დახუნდარიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე, 151-ე და 187-ე მუხლებით, ხოლო 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. ნუგზარ დახუნდარიძეს საბოლოოდ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.