თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ქუთაისიდან ევროპაში გამგზავრებას ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან ერთად გეგმავს.
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას. ევროპარლამენტის 647 დეპუტატიდან 553-მა საქართველოს მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.
„სწორედ ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად ვგეგმავ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ევროპაში გამგზავრებას. ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, რომლებისთვისაც, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მჯერა, მალე ჩვენ ღირსეულად შევაბიჯებთ დიდ ევროპულ ოჯახში და ჩვენს წვლილს შევიტანთ მის მრავალფეროვან კულტურაში, მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, დაამატა მან.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროპასთან დაახლოების გზაზე და ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ეს არის მეტი კეთილდღეობა, მეტი დემოკრატია, მეტი ენერგია და ენთუზიაზმი, მეტი წარმატება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე. დღეს ევროპარლამენტში, საიდანაც ყველაზე უკეთ ისმის ევროპელი ხალხის ხმა, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ევროპის ნაწილია“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინიტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპასთან დაახლოება მთელი საქართველოს კუთვნილებაა.
„ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები ჩვენთან ერთად ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს — ეს იქნება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ მრავალი სხვა“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მან ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მოპოვებისთვის იბრძოდა და საქართველოს პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.
„მრავალი თაობის ოცნების ასრულების გზაზე, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ელჩები ვხდებით და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ფართოდ იქნება ეს კარი გახსნილი უკვე მომავალი თაობებისთვის“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
დადგენილი პროცედურებით, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე.
რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს. რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება.
საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.