თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ევროპარლამენტმა ხუთშაბათს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის 647 დეპუტატიდან 553-მა საქართველოს მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის პარლამენტს მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ მიზნის განხორციელებაში“, — განუცხადა კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ქართველი ხალხის დამსახურებაა.
„ეს ჩვენი თითოეული მოქალაქის დამსახურებაა, დამსახურება იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მოქალაქეებს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ეს არის დამსახურება ევროპული იდეის ძალიან დიდი მხარდაჭერისა, რომელიც არის ჩვენ საზოგადოებაში“, — განაცხადა კობახიძემ, რომლის კომენტარი ქართულმა ტელეკომპანიებმა გადასცეს.
კობახიძე საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.
ქართული მხარე საქართველოსთვის შენგენის ზონის ქვეყნებში სავიზო რეჟიმის გაუქმებას მარტის ბოლოს — აპრილის დასაწყისში ელოდება.
დადგენილი პროცედურებით, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე.
რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს. რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება.
ექსპერტების პროგნოზით, უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლის აპრილიდან ამოქმედდება — საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.