თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქვეყნის მოსახლეობას საქართველოსთვის ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მიულოცა და ამ შესაძლებლობის სასიკეთოდ გამოყენება უსურვა, აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.
ევროპარლამენტმა დღეს გამართულ კენჭისყრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას ევროპარლამენტის 647 დეპუტატიდან 553-მა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 66 ადამიანი იყო, 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განსაკუთრებული როლი შეასრულა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში, ხოლო ქვეყანაში გატარებულმა რეფორმებმა ევროპარლამენტის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
„ევროპარლამენტმა აღიარა ის, რომ ის ძალიან მასშტაბური რეფორმები ყველა სფეროში − მიგრაციის, კორუფციასთან ბრძოლის, ტრეფიკინგთან ბრძოლის, უსაფრთხო დოკუმენტების დამკვიდრებისა და სხვა რეფორმები, რაც გავატარეთ… მაღალ შეფასებას იმსახურებს“, — განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის განცხადებით, დღეიდან დაიწყო პროცესი, რომელიც რამდენიმე კვირაში საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონის ქვეყნებში.
„მე ყველას გისურვებთ ამ ძალიან დიდი შესაძლებლობის, პერსპექტივის სასიკეთოდ გამოყენებას თითოეული თქვენი ოჯახის წევრისთვის. გისურვებთ იმასაც, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა თავიანთი მომავალი განათლებისთვის, კარიერისთვის, თავიანთ თანატოლებთან ურთიერთობისთვის ეს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენონ“, — აღნიშნა მინისტრმა.
წულუკიანი ასევე იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლისას დაიცავენ იქაური ქვეყნის კანონებს და სამშობლოს ღირსეულად წარადგენენ.
„ჩვენი საქართველოს ტრადიციებსა და ევროპულ ღირებულებებს გავუზიარებთ მათ ისე, რომ სრული, რეალური შთაბეჭდილება და წარმოდგენა ჰქონდეთ ისტორიული რეალობის შესახებ: საქართველოს ბუნებრივი ადგილი იყო, არის და იქნება ევროპულ ოჯახში“, — განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე. რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს.
რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება.
შენგენის ზონის წევრი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია, ჩეხეთი.