მაკალისტერი: ევროპარლამენტი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ემხრობა

CC BY 2.0 / Mike SteeleFollow / EU Flagევროკავშირის დროშა ევროპარლამენტში
ევროკავშირის დროშა ევროპარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპარლამენტში 2 თებერვალს საქართველოსთვის ვიზების გაუქმების საკითხზე კენჭისყრა გაიმართება.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარს დაუჭერს, განაცხადა ევროპარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა.

ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კენჭისყრა ასამბლეის თებერვლის სესიისთვის გადაიდო, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კენჭისყრა 2 თებერვალს ბრიუსელში უნდა გაიმართოს. იქ უკვე იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.

„ვფიქრობ, ხვალ ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს. ხვალ საქართველოსთვის დიდი დღეა. ამისთვის ორივე მხარემ ვიშრომეთ“, — განაცხადა მაკალისტერმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.

ევროკავშირის დროშა ევროპარლამენტში - Sputnik საქართველო
გადადო თუ არა ევროპარლამენტმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე კენჭისყრა: ბოლო ცნობები

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირთან დაახლოებისთვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ხვალ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები და ამ მოლოდინს გვიქმნის ის განწყობები, რომლებიც არის ევროპარლამენტში… ჩვენ, ფაქტობრივად, დარწმუნებული ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ იქნება მიღებული“, — განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა მარია გაბრიელმა ადრე ევროკავშირის საბჭოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოიწონოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე გადასვლის შესახებ, რათა ევროპარლამენტმა ის თებერვალში დაამტკიცოს.

მიხეილ ჯანელიძე და იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
ევროკომისარმა საქართველო დაარწმუნა, რომ ევროკავშირი ვიზებს გააუქმებს

მიმდინარე წლის იანვარში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) დაამტკიცა რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 2016 წლის 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის.

დადგენილი პროცედურებით, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე. რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს.

რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება. ექსპერტების პროგნოზით, უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლის აპრილიდან ამოქმედდება — საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0