გადადო თუ არა ევროპარლამენტმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე კენჭისყრა: ბოლო ცნობები

CC BY 2.0 / Mike SteeleFollow / EU Flagევროკავშირის დროშა ევროპარლამენტში
ევროკავშირის დროშა ევროპარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით კენჭისყრა გადადებულია, საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ანონიმური წყარო ევროპარლამენტში ამტკიცებს, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ კენჭისყრის პროცედურა ასამბლეის თებერვლის სესიისთვის გადაიდო, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კენჭისყრა გადადებულია სტრასბურგში ევროპარლამენტის დიდ სესიამდე“, — განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატთა კორპუსში ანონიმურმა წყარომ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

წყაროს ინფორმაციით, კენჭისყრის გადატანა უკავშირდება „ახალი მექანიზმის“ დამტკიცებას, რომელიც ევროკავშირს მესამე ქვეყნების მიმართ უვიზო რეჟიმის მოქმედების შეჩერების საშუალებას მისცემს მისი დარღვევის შემთხვევაში.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ჯანელიძე ევროკავშირთან ვიზების გაუქმების თარიღის გამოცხადების წინააღმდეგია

გავრცელებული ინფორმაცია უარყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ბრიუსელის კორესპონდენტმა ქეთევან ქარდავამ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „Новости-Грузия“.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემების თანახმად, კენჭისყრა ბრიუსელში 2 თებერვალს უნდა გაიმართოს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მეთაურობით უკვე ბრიუსელში იმყოფება.

საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა მარია გაბრიელმა ადრე ევროკავშირის საბჭოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოიწონოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე გადასვლის შესახებ, რათა ევროპარლამენტმა ის თებერვალში დაამტკიცოს.

მიმდინარე წლის იანვარში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) დაამტკიცა რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 2016 წლის 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის.

დადგენილი პროცედურებით, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე. რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტას) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს.

რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება. ექსპერტების პროგნოზით, უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლის აპრილიდან ამოქმედდება — საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0