ჯანელიძე ევროკავშირთან ვიზების გაუქმების თარიღის გამოცხადების წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს იმედი არ გაუცრუვდეთ, საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირთან ვიზების გაუქმების ზუსტი თარიღის დასახელება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებისათის ევროკავშირთან ვიზების გაუქმების თარიღის დასახელება არ იქნებოდა მიზანშეწონილი, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში გამოსვლისას.

ევროკავშირის დროშა ევროპარლამენტში - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთვის ვიზების გაუქმების გზაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ორშაბათს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა უპასუხეს შეკითხვებს, რომლებიც საქართველოს მიმდინარე საერთაშორისო აქტიურობასა და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესთან  იყო დაკავშირებული.

„რომელიმე კონკრეტული თარიღის  — მარტისა თუ აპრილის დასახელება არასწორი იქნებოდა, რადგან ამით მოსახლეობას შეცდომაში შევიყვანთ.  თუმცა, მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული. ეს განცხადებები არამარტო ჩვენ, არამედ ყველა პოლიტიკურ ჯგუფსა და ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელებს აქვთ გაკეთებული“, — განაცხადა ჯანელიძემ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოქმედების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლის უფლება საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მუშაობის ან დადგენილი ვადების გადაჭარბების უფლებას არ აძლევს. 

შეგახსენებთ: 20 დეკემბერს ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების (COREPER) შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რეგულაციების ცვლილება დამტკიცდა. რეგულაციების ცვლილების საბოლოო რედაქცია ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებმა 13 დეკემბერს შეათანხმეს.

რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტს კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE).

ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
უფასო ID-ბარათები და პასპორტი ნახევარ ფასად – იუსტიციის სამინისტროს აქცია

ამის შემდეგ, გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (ნიდერლანდების) წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებები გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. გამოქვეყნებიდან 21-ე დღეს რეგულაცია ძალაში შევა.

ექსპერტთა პროგნოზებით, საქართველოსათვის უვიზო რეჟიმი 2017 წლიდან ამოქმედდება და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღით 180 დღის მანძილზე) სარგებლობას შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0