თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თანამედროვე ხელოვნების ქართველი არტისტების სოფო ტაბატაძისა და ნადია წულუკიძის პერფორმანს–პროექტი „ხინკალი–ჯუსი“ 31 იანვრიდან 26 თებერვლამდე მოსკოვის თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმში იქნება ნაჩვენები.
თბილისელი მხატვრები და პერფორმანს–არტისტები გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო საგამოფენო პროექტ „საზღვარში“ მონაწილეობენ. გამოფენის მონაწილეები არიან ახალგაზრდა მხატვრები ევროპისა და აზიის 11 ქვეყნის 16 ქალაქიდან.
პროექტმა „საზღვარმა“ თავისი ექსპოზიციისთვის შეარჩია „ხინკალი–ჯუსის“ 2006 წლის ვიდეორგოლი — „ქართული ჰიმნი“. ვიდეორგოლში ნადია წულუკიძე, სოფო ტაბატაძე და მისი და საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ — მღერიან, ვიოლინოზე უკრავენ და ამასობაში ვიოლინოს ბუდეში ფულს აგროვებენ. ვიდეორგოლი თბილისში, ევროპის მოედანზე და ბუშის ქუჩაზეა გადაღებული.
„ეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი ირონიული რეაქცია იყო. იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ევროპაში საქართველოს როგორც ტრადიციული ფასეულობების მქონე ტურისტული ადგილის პოპულარიზაცია დაიწყო, ეს ქართული ჰიმნი ყოველ ნაბიჯზე ისმოდა და ყველგან საქართველოს ნაციონალისტური პროპაგანდა მიმდინარეობდა. ამ დროს კი ჩვენ ფულს ვაგროვებდით, რადგან თანამედროვე ხელოვნებისთვის იმ დროს ჩვენ არანაირი სახსრები არ გაგვაჩნდა“, — მოუყვა „Sputnik–საქართველოს“ წულუკიძე.
პროექტი შექმნილია აღმოსავლეთ ევროპის, გერმანიისა და ცენტრალური აზიის პარტნიორობით და რამდენიმე წელზეა გათვლილი. მოსკოვში გამართული გამოფენის შემდეგ, ექსპოზიცია გაემგზავრება სანქტ–პეტერბურგში, კრასნოიარსკში, კიევში, თბილისში, მინსკსა და დორტმუნდში, 2018 წელს კი თავის მოგზაურობას ცენტრალური აზიის ქვეყნებში გააგრძელებს.
ორგანიზატორთა თქმით, პროექტი „საზღვარი“ იკვლევს და აანალიზებს საზღვრებსა და მათ წარმოქმნას სხვადასხვა ნაირსახეობაში — როგორც ტერიტორიულ განცალკევებას ან, პირიქით, მიერთებას და ასევე კულტურულ, პირად ან სოციალურ ბარიერებს.
„სიტყვა „საზღვარი“ აქ გამოიყენება როგორც მეტაფორა, პირობითი მონახაზი, რომელიც შეთანხმების საგანია და რომელიც ცვლილებებს ექვემდებარება, რაც რუსეთისა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის მწვავე და აქტუალური თემაა. „წითელი ხაზის“ როლს აქ ევროპასა და აზიას შორის გეოგრაფიული და კულტურული საზღვარი ასრულებს. პროექტი ამ თემებს მხატვრული შემოქმედებისა და კულტურული განზომილების კუთხით იხილავს“, — ნათქვამია მოსკოვის თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმის ვებ-გვერდზე (ММОМА).
ორგანიზატორთა თქმით, პროექტის ფოკუსშია მხატვრების ახალგაზრდა თაობა, რომელიც 2017 წლიდან აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთში, ცენტრალურ აზიასა და გერმანიაში მოძრავ გამოფენაზე თემის საკუთარ ხედვასა და ჩანაფიქრებს წარმოადგენს.
მულტიმედიური პერფორმანსის ჯგუფი „ხინკალი–ჯუსი“ 2005 წელს თანამედროვე ხელოვნების ორმა თბილისელმა არტისტმა — სოფო ტაბატაძემ და ნადია წულუკიძემ დააარსეს. 2008 წლამდე გოგონები აქტუალურ სოციალურ თემებზე სხვადასხვა პერფორმანსებს დგამდნენ, საქართველოში და უცხოეთში თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფესტივალებზე მონაწილეობდნენ.