თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თბილისის სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ დამწვარ ქონებას მას შემდეგ ჩამოწერს, რაც გამოუსადეგარი და უვარგისი ინვენტარის რაოდენობა ზუსტად დადგინდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, სადაც „ოქროს სამყარო“ და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, კვირას, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძარმა 13 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. ცეცხლის ლოკალიზება მხოლოდ მეხანძრეთა ცხრასაათიანი ბრძოლის შემდეგ მოხერხდა.
„ჩვენ გუშინვე მოვახდინეთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ადგილზე იყვნენ გასული, გაეცვნენ პრობლემის შინაარსს. მას შემდეგ, რაც მოხდება განადგურებული პროდუქციის მოცულობის და ზიანის დადგენა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერას დაზარალებულ გადასახადის გადამხდელებზე, რათა მათ აღნიშნულ განადგურებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოექმნათ“, — განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მომავალში პრობლემების თავიდან ასაცილებლად თითოეული მოვაჭრის საგადასახადო ვალდებულებას ინდივიდუალურად შეისწავლიან, აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მოვაჭრეების დახმარების აუცილებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს განაცხადა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კომერციული ბანკები მზად არიან, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს კრედიტების გადახდა გადაუვადონ.
ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად დაიწვა. ცეცხლმა დააზიანა შენობის კონსტრუქცია, რის შედეგადაც შიდა კედლები ნაწილობრივ ჩამოინგრა. კვლავ შენარჩუნებულია შენობის მთლიანად ჩამონგრევის საფრთხე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“, რაც ისჯება სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.