თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. კომერციული ბანკები მზად არიან დაეხმარონ ხანძრის შედეგად დამწვარ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებს და გადაუვადონ საკრედიტო გადახდები, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, სადაც „ოქროს ბირჟა“ და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, კვირას, გვიან ღამით მოხდა. ხანძარმა 13 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა, ცეცხლის ლოკალიზება მხოლოდ ცხრა საათის შემდეგ მოხერხდა.
„აღნიშნული საკითხი ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დავსვით — ეროვნულ ბანკს უნდა, რომ მსესხებლებს შუამდგომლობა გაუწიოს კომერციულ ბანკებთან იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც ბანკებს აქვთ, რათა შეძლებისდაგვარად გადაუვადონ ასეთი სესხები… კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად გაითვალისწინონ შექმნილი ვითარება და არსებულ პირობებში ყველაფერი გააკეთონ, რაც კი შესაძლებელია“, — განუცხადა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილმა ხანძარმა თითქმის მთელი საქონელი გაანადგურა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს უვნებლად მხოლოდ ძვირფასეულობა გადაურჩა, რომელიც სარდაფის საცავში, სეიფებში ინახებოდა. ძვირფასეულობა იყიდებოდა „ოქროს სამყაროში“, რომელიც სავაჭრო ცენტრში იყო განთავსებული.
საქონლის დაცვის უზრუნველსაყოფად მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიცია. ნახევრადდანგრეულ შენობაში შესვლა სხვა მიზნითაც იყო აკრძალული — არსებობს მისი სრული ჩამონგრევის საფრთხე.
თავად მოვაჭრეები აღშფოთებული არიან იმით, რომ მათ სეიფებთან არ უშვებენ და ჯერ კიდევ ცეცხლმოკიდებულ შენობაში შეღწევაც კი სცადეს. ისინი შენობაში არ შეუშვეს, რადგან, სპეციალისტთა ვარაუდით, შენობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოინგრეს.
„შემთხვევით რამე რომ არ ჩამოვარდეს; მოხდება გამაგრება და მერე ყველა (მოვაჭრეები) სათითაოდ, სიის მიხედვით შევა. ნივთების დაკარგვის არავითარი საშიშროება არ არსებობს”, — განაცხადა „ოქროს სამყაროს“ დირექტორმა ამირან მარიამიძემ.
ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.