დამწვარ „ბავშვთა სამყაროში“ მოვაჭრეების შეშვება დაიწყეს

© Sputnik / Levan Avlabreliხანძარმა "ბავშვთა სამყარო" გაანადგურა
ხანძარმა ბავშვთა სამყარო გაანადგურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც დამწვარი „ბავშვთა სამყარო“ დროებით გაამაგრეს, მასში ძვირფასეულობით მოვაჭრეების შეშვება დაიწყეს.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. დამწვარ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ „ოქროს სამყაროს“ მოვაჭრეების შეშვება დაიწყეს, რათა მათ თავისი კუთვნილი ძვირფასეულობის გამოტანა შეძლონ, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, სადაც „ოქროს სამყარო“ და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, კვირას, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძარმა 13 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. ცეცხლის ლოკალიზება მხოლოდ მეხანძრეთა ცხრასაათიანი ბრძოლის შემდეგ მოხერხდა. შენობის ჩამონგრევის საშიშროებიდან გამომდინარე შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შენობაში არავინ შეუშვას.

„მესაკუთრეები, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად საცავებში შედიან, საკუთარი საქონელი გამოაქვთ და პარალელურად ამ პროცესის გადაღება მიმდინარეობს. ადგილზე მოწყობილია სპეციალური დერეფანი, რომელიც სპეციალური დამჭერებითაა გამაგრებული, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული“, — განაცხადა აბაშიძემ.

ხანძრის შედეგები - Sputnik საქართველო
მოვაჭრეები „ოქროს ბირჟის“ შტურმით აღებით იმუქრებიან

შემდგომში მოვაჭრეებს ადგილები შეიძლება სხვადასხვა ბაზრობაზე შესთავაზონ. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიას ბაზრობების ადმინისტრაციებთან კომუნიკაცია აქვს, აღნიშნა აბაშიძემ.

მერიაში სამშაბათს ქალაქის მერის დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით საკოორდინაციო თათბირი გაიმართება, სადაც განიხილავენ ხანძრით გამოწვეულ პრობლემებსა და დაზარალებულების დახმარების საკითხებს.

ხანძარმა „ბავშვთა სამყაროში“ თითქმის ყველაფერი გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ შენობის სარდაფის სეიფებში შენახული ძვირფასეულობა.

ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად დაიწვა. ცეცხლმა დააზიანა შენობის კონსტრუქცია, რის შედეგადაც შიდა კედლები ნაწილობრივ ჩამოინგრა. კვლავ შენარჩუნებულია შენობის მთლიანად ჩამონგრევის საფრთხე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“, რაც ისჯება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0