თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დირექცია მზადაა, პასუხისმგებლობის საკუთარი წილი თავის თავზე აიღოს, მაგრამ საჭიროა გამოძიების დასრულება, განუცხადა სავაჭრო ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.
ორშაბათს, ღამით შენობაში, რომელშიც „ბავშვთა სამყარო“ და „ოქროს სამყარო“ იყო განთავსებული, და შენობასთან ახლოს მდებარე საბითუმო ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დაიწვა დაახლოებით 13 ათასი კვადრატული მეტრი. ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრეებმა ცხრა საათის შემდეგ შეძლეს.
მატერიალურად დაზარალდა ათეულობით ადამიანი — მაღაზიების მეპატრონეები.
„ბავშვთა სამყაროს დირექცია აბსოლუტურად ყველანაირ თავის პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ველოდებით გამოძიებას, რასაც იტყვის გამოძიება, იმიტომ, რომ ასეთი ხანძარი ჩემთვის წარმოუდგენელი იყო და არანაირი პასუხი არ მაქვს დღევანდელ დღეს. გამოძიებას დაველოდებით, ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე ავიღებთ“, — განაცხადა მაჭავარიანმა.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, „ბავშვთა სამყაროს“ დირექციას შენობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ 6 მლნ ლარად ჰქონდა დაზღვეული. მაგრამ დაზღვევა არ ეხება შენობის შიგნით განთავსებულ სავაჭრო დახლებს. სადაზღვევო კომპანია მზადაა, ზარალი აანაზღაუროს.
„ჩვენს კომპანიაში დაზღვეულია მხოლოდ „ბავშვთა სამყაროს“ კუთვნილი შენობა-ნაგებობა და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება. ზიანის ოდენობა გვეცოდინება შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს ასევე შენობის გარემონტებას მისი აღდგენის შემთხვევაში, ხოლო თუ შენობა ავარიული გახდა და მისი აღდგენა შეუძლებელია, რა თქმა უნდა, საუბარია სრულ ანაზღაურებაზე“, — განუცხადა ჟურნალისტებს სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენელმა.
შემოსული ინფორმაციით, შენობა მთლიანად დაიწვა. ცეცხლმა დააზიანა შენობის კონსტრუქცია, რის შედეგად შიდა კედლები ნაწილობრივ ჩამოინგრა. კვლავ შენარჩუნებულია შენობის ჩამონგრევის საფრთხე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“, რაც ისჯება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.