თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერებმა, რომლებიც პარტიას იანვრის დასაწყისში გამოეყვნენ, დააფუძნეს ახალი პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო“.
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის თანამოაზრეებთან არსებული უთანხმოების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა უმრავლესობამ პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა. პარტიიდან წასულთაგან ოცმა დეპუტატმა პარლამენტში ორი ფრაქცია ჩამოაყალიბა: „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო – უკეთესი მომავლისთვის“.
„ჩვენი პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო“ პოლიტიკური მოძრაობა იქნება და არა პარტია. ეს იქნება მოძრაობა, სადაც ათასობით ადამიანი მოვა, მოძრაობა, რომელიც განვითარების განცდას შექმნის“, — განაცხადა პრეზენტაციაზე დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, პარტია აპრილში ფართომასშტაბიან ყრილობას ჩაატარებს, სადაც პარტიის ხელმძღვანელობა აირჩევა.
„იმისთვის, რათა ყრილობამდე პარტიას ნორმალური ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს, გადავწყვიტეთ, რომ გენერალური მდივნის მოვალეობებს გიგი უგულავა შეასრულებს“, — განაცხადა ბაქრაძემ.
ყრილობის შემდეგ პარტია აქტიურ მზადებას დაიწყებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება.
„ჩვენ ვგეგმავთ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებში და ადგილობრივი არჩევნები იქნება ის პირველი ტესტი, სადაც ჩვენ ვაჩვენებთ ძალიან სერიოზულ შედეგს. ჩავალთ ყველა რაიონში, მივალთ ხალხთან და ვაჩვენებთ, რომ ადგილობრივ არჩევნებს გააჩნია უზარმაზარი მნიშვნელობა. ჩვენ ხელისუფლების დემონტაჟი რაიონებიდან უნდა დავიწყოთ”, — განაცხადა ბაქრაძემ.
გასული წლის შემოდგომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორ ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ მათგანს პარტიის „რუხ კარდინალად“ წოდებული გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობენ, მეორეს კი ახალაიების ოჯახის „კლანი“, სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლები.
დაპირისპირება პარტიაში სერიოზულ კონფლიქტში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პარტიის ხელმძღვანელობის ნაწილი სააკაშვილის 2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების სურვილის წინააღმდეგ წავიდა.
სააკაშვილმა თავისი ყოფილი თანამებრძოლები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ სააკაშვილს განუცხადეს, რომ ის არ არის პარტიის ლიდერობის ღირსი და ის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემაა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ იანვრის შუა რიცხვებში პარტიის ყრილობა ჩაატარა და ახალი პოლიტსაბჭო აირჩია.