აბაშიძემ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ გამორიცხა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე
საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადაა.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ არ გამორიცხა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში მოსკოვი და თბილისი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს შეიძლება დაუბრუნდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ „იზვესტიაზე“ დაყრდნობით.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. 

„თბილისში მზად არიან, გაგრძელდეს დიალოგი პრაქტიკულ საკითხებზე პრაღაში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები“, — განაცხადა დიპლომატმა, იუწყება გაზეთი.

ჟენევა - Sputnik საქართველო
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა: ქართველი პოლიტოლოგების მოლოდინები

უფრო ადრე ჟურნალისტებთან საუბრისას აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუ მოსკოვი ქართული რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებაზე თავის გადაწყვეტილებას შეცვლის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მიესალმა ქართველი კოლეგის მზადყოფნას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თემის განხილვასთან დაკავშირებით. 

„თუ ჩემმა პატივცემულმა კოლეგა ზურაბ აბაშიძემ ნამდვილად გააკეთა ასეთი განცხადება, ამას მხოლოდ მივესალმები. როგორც ცნობილია, დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის სექტემბერში რუსეთს არ გაუწყვეტია და ამის აღდგენისთვის დაბრკოლება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა და არ არის. ასე რომ, პოზიტიური ცვლილებების ვადები ამ საკითხში მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული“, — ციტირებს კარასინის სიტყვებს გაზეთი „იზვესტია“.

ამასთან, მან დასძინა, რომ ქართველ კოლეგასთან ერთად მუშაობს ორმხრივი კავშირების მოგვარებაზე ისეთ სფეროებში, სადაც ეს დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში არის შესაძლებელი.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: საქართველო რუსეთთან უვიზო რეჟიმს უჭერს მხარს

„ასეთი სფერო ცოტა არ არის — ვაჭრობა, სატრანსპორტო მიმოსვლა, ჰუმანიტარული კონტაქტები, კულტურული გაცვლა. ამ მუშაობას გეგმაზომიერად გავაგრძელებთ. საკმაოდ საგრძნობი შედეგები, რასაც უკვე მივაღწიეთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს“, — განაცხადა კარასინმა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრებისას მოლაპარაკებები მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებს ეხება, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ეს ფორმატი არ ითვალისწინებს.

გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაა, ამასთან საქართველო პროდასავლური პოლიტიკის გატარებას განაგრძობს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2016 წლის დეკემბრის ბოლოს, ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა.

ყველა ახალი ამბავი
0