აბაშიძე: საქართველო რუსეთთან უვიზო რეჟიმს უჭერს მხარს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უკვე გააუქმა და მოხარული იქნება რუსული მხარის ანალოგიური გადაწყვეტილებით, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ, 23 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა. 

ვლადიმირ პუტინი დიდ პრესკონფერენციაზე - Sputnik საქართველო
პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას არ გამორიცხავს

„საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2011 წელს რუსეთის მოქალაქეთათვის ცალმხრივად მოხსნა ყველა სავიზო შეზღუდვა. თუ რუსული მხარე შემდეგ ნაბიჯს გადადგამს, ჩვენ ამას მივესალმებით, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება მათი პრეროგატივაა“, — განაცხადა აბაშიძემ. 

საქართველო უსაფრთხო ქვეყანადაა აღიარებული, რაც ცალკეულ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივებით დასტურდება, მათ შორის, ახლო მომავალში შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შემოღებით, დასძინა მან.

აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან დიალოგის გაგრძელებისთვის მზადაა.

„მიუხედავად რუსეთთან ურთიერთობებში არსებული დაძაბულობისა, ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის და სახელმწიფოთა ინტერესების გათვალისწინებით ამ პრობლემების ეტაპობრივად გადასაწყვეტად ძალისხმევისთვის, რაც, ძირითადად, ჟენევის ფორმატში მიმდინარეობს“, — განაცხადა აბაშიძემ. 

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი სამომავლოდ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზადაა

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა შეუძლიათ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ვიზიტისთვის ვიზები სჭირდებათ.

გასული წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. ახალი წესების თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სამიგრაციო ორგანოებში გაფორმებული მიწვევა ექნება, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ჯერადობის კერძო, საქმიანი, ჰუმანიტარული თუ სამუშაო ვიზა — გარდა ტურისტულისა. ამასთან, მიწვევა შესაძლებელია გაფორმდეს რუსეთის მოქალაქის მიერ, მიუხედავად ნათესაობის ხარისხისა. პროცესის დაჩქარების მიზნით მიმდინარე წლის თებერვალში შემოიღეს მიწვევის ახალი სახეობა — ელექტრონული ფორმა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0