თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა.
„საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო რეჟიმის დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. ვფიქრობ, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მით უფრო, რომ ვხედავთ, საქართველოში ცალკეული მმართველი სტრუქტურების მხრიდან გარკვეული სიგნალები მოდის“, — განაცხადა პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე.
ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა შეუძლიათ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ვიზიტისთვის ვიზები სჭირდებათ.
გასული წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. ახალი წესების თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სამიგრაციო ორგანოებში გაფორმებული მიწვევა ექნება, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ჯერადობის კერძო, საქმიანი, ჰუმანიტარული თუ სამუშაო ვიზა — გარდა ტურისტულისა. ამასთან, მიწვევა შესაძლებელია გაფორმდეს რუსეთის მოქალაქის მიერ, მიუხედავად ნათესაობის ხარისხისა. პროცესის დაჩქარების მიზნით მიმდინარე წლის თებერვალში შემოიღეს მიწვევის ახალი სახეობა — ელექტრონული ფორმა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.