თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან ვიზების გაუქმებაზე წავიდეს, მაგრამ ამის განხილვა უცნაურია, სანამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, განაცხადა პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
„ჩვენ მზად ვართ, სამომავლოდ, უვიზო რეჟიმზე წავიდეთ, მაგრამ ცოტა უცნაურია, თუ ეს განიხილება იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, რომლებიც ჩვენ არ გაგვიწყვეტია“, — განაცხადა მინისტრმა.
უფრო ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკეები არ მიმდინარეობს. ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთში ვიზიტისთვის ვიზები უნდა მიიღონ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზადაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 დეკემბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების მიღების პირობები გაამარტივა.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.