თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გაზაფხულზე, ბრიუსელის ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში იყოს შეტანილი, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა.
ადრე ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველო ნატოს მომავალ სამიტში არ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ის ვიწრო ფორმატში ჩატარდება და მასზე ყურადღება დაეთმობა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ალიანსის თანამშრომლობის გეგმებს.
„პრეზიდენტი ამ თემაში ძალიან აქტიურად არის ჩართული, როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს ვარშავის და უელსის სამიტებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალისხმევა არ დავაკლოთ იმისათვის, რომ საქართველო სრულმასშტაბიანად, სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი 2017 წლის ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგში“, — განაცხადა მაჭავარიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სამიტის ფორმატი ამ ეტაპზე ალიანსის წევრი-ქვეყნების მონაწილეობას ითვალისწინებს.
„ბრიუსელის სამიტისთვის მზადება, კერძოდ, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველო აქტიურად იყოს წარმოდგენილი ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგში, ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც მომავალი უშიშროების საბჭოზე იქნება განხილული“, — განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ნატოს ყველაზე აქტიური პარტნიორია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ორგანიზაციის შემადგენლობაში არ შედიან.
„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი იდგეს აქტიურად ნატოს დღის წესრიგში და ეს დასტურდება არა მხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ეს დასტურდება ნატოს ოფიციალური პირების სიტყვებით… მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც იქნა ატეხილი ოპოზიციის, ექსპერტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“, — განაცხადა ჯანელიძემ.
ნატოს სამიტი 2017 წელს ბრიუსელში, ნატოს ახალ შტაბ-ბინაში გაიმართება.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.
2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი-ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო მომავალში ნატოს წევრი-ქვეყანა შეიძლება გახდეს. 2011 წელს საქართველომ „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.
2016 წლის ივლისში ვარშავაში გამართულ ნატოს სამიტზე ალიანსის წევრი-ქვეყნები და პარტნიორები შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე შეთანხმდნენ, რაშიც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს.