თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყანაში 120 დღით ლტოლვილთა მიღებას აჩერებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ბრძანება ასევე კრძალავს განუსაზღვრელი ვადით სირიიდან ლტოლვილთა მიღებას და ამკაცრებს აშშ-ში შესვლის ზოგიერთ წესს.
„ამით უცხოელი ტერორისტებისგან ქვეყნის ინტერსებს დავიცავთ“, — განაცხადა ტრამპმა პენტაგონში განკარგულების ხელმოწერის ცერემონიაზე.
ამიერიდან ლტოლვილთა შერჩევა „ექსტრემალური“ გახდება, აღნიშნა მან.
„ვაცხადებ, რომ სირიის მოქალაქეების, როგორც ლტოლვილების შემოსვლა აშშ-ში ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ნებისმიერი ასეთი შემოსვლა შეჩერდება მანამ, ვიდრე არ გადავწყვეტ, რომ არსებითი ცვლილებები მოხდა… რაც, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სირიელი ლტოლვილების მიღების საშუალებას იძლევა“, — ნათქვამია ტრამპის ბრძანებულებაში.
ლტოლვილების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა მიღება აშშ-ში ტრამპმა მიმდინარე ფინანსურ წელს (რომელიც 30 სექტემბერს სრულდება) დაუშვა, 50 000–ს შეადგენს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ფინანსური წელი დაიწყო, შეერთებულმა შტატებმა უკვე 30 000-მდე ლტოლვილი მიიღო.
ამგვარად, წლის დარჩენილ პერიოდში აშშ 20 000 ლტოლვილზე მეტს არ მიიღებს. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია 2017 წელს მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან დაახლოებით 110000 ლტოლვილის მიღებას გეგმავდა.
ტრამპმა ასევე განკარგულება გასცა, შემოღებულ იქნას აუცილებელი გასაუბრება არასაიმიგრაციო ვიზების მისაღებად და დაჩქარდეს აშშ-ში შემოსულ პირებზე კონტროლის ბიომეტრიული სისტემის შექმნა.