თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარასკევს პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას – ფაშისტური გერმანიის მიერ ეთნიკური ებრაელებისა და სხვა ნაციონალურ უმცირესობათა წარმომადგენლების მასობრივი განადგურების პროცესის მსხვერპლთ.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 27 იანვარს აღინიშნება. ამ მოვლენის შედეგად ექვს მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი ექვსი მილიონი ებრაელის, ბოშების, პოლონელების, სერბების, ფერადკანიანების, „არაარიელობის“ ნიშნით გამორჩეული მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანის, მათ შორის, მილიონნახევარი ბავშვის ნათელ ხსოვნას… იერუსალიმში ჰოლოკოსტის მუზეუმის მონახულება ჩემთვის ამ ბოროტების ბუნებასთან შემაძრწუნებელ შეხვედრად იქცა, რომელიც არასდროს დამავიწყდება“, — ნათქვამია პრეზიდენტის ტექსტში.
სახელმწიფოს მეთაური აღნიშნავს, რომ ჰოლოკოსტის გაკვეთილების დავიწყება არ შეიძლება, ამას ტრაგიკული შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
„დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კვლავ ვხედავთ ქსენოფობიური ტენდენციების შემაშფოთებელ გაძლიერებას… თითოეული ჩვენგანი, მთლიანად საზოგადოება და, განსაკუთრებით, სახელმწიფო მოვალეა საფუძველშივე წინ აღუდგეს ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერ გამოვლინებას“, — მიაჩნია მარგველაშვილს.
პრეზიდენტის თქმით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა გვავალდებულებს, უწყვეტი ძალისხმევა მივმართოთ მშვიდობისა და ურთიერთგაგებისკენ, რათა მომავალმა თაობამ იცხოვროს სამყაროში, სადაც ჰოლოკოსტი შეუძლებელია.
1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარებმა საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმი (აუშვიც–ბირკენაუ) გაათავისუფლეს, სადაც 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2005 წლის ნოემბერში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გაერომ 27 იანვარი დააწესა.