თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად სამართლის დოქტორი რატი ბრეგაძე დაინიშნა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ უწყების პრეს-სამსახურის უფროსმა მარი ნარჩემაშვილმა.
ახალი დეპარტამენტი საგარეოპოლიტიკურ უწყებაში 2016 წლის ბოლოს დიასპორის საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებისა და ამ უწყების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიერთების შემდეგ ჩამოყალიბდა.
„ახალი დეპარტამენტის უფროსად რატი ბრეგაძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის დიასპორის საკითხების სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა“, — განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ბრეგაძე სამართლის დოქტორია, განათლება გერმანიისა და საქართველოს უნივერსიტეტებში აქვს მიღებული. მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წამყვანი თანამდებობები ეკავა, შემდეგ კი — დიასპორის საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
ბრეგაძე ფლობს ქართულ, რუსულ, გერმანულსა და ინგლისურ ენას.