თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორნბიორნ იაგლანდი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 30–31 იანვარს ესტუმრება, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
ამ კვირაში იაგლანდი ქართველ პარლამენტარებს შეხვდა, რომლებიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობდნენ. ევროსაბჭოს მეთაურმა სწორედ მაშინ განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს დღეებში აპირებდა ჩამოსვლას.
ვიზიტის ფარგლებში იაგლანდი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს.
დაგეგმილია იაგლანდისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია.
შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას დაეთმობა.
გარდა ამისა, მხარეები ასევე იმსჯელებენ 2016–2019 წლებში ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტურ განხორციელებას ითვალისწინებს.