თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ევროსაბჭომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მოსამართლის არც ერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.
საქართველოდან ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენილი იყვნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თანამშრომელი გიორგი ბადაშვილი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე.
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ერთ–ერთი მათგანის კანდიდატურა ევროსაბჭოს ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში უნდა დაემტკიცებინა, თუმცა საკითხის განხილვა გადაიდო. 24 იანვარს კი სამივე კანდიდატურას უარი ეთქვა.
„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოდან გაგზავნილი კანდიდატები უნდა იყვნენ ენთუზიაზმით აღიარებული ევროსაბჭოს მიერ. აქედან გამომდინარე, ამ ფონზე ეს არის ჭკუის სასწავლებელი და დასაფიქრებელი იმათთვის, ვინც ეს პროცესი (კანდიდატთა შერჩევის) წარმართა“, — განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის კანდიდატად ასევე განიხილებოდა, თუმცა საბოლოო სიაში ვერ მოხვდა.
ამჟამად სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ნონა წოწორია წარმოადგენს, მისი უფლებამოსილება 2017 წლის იანვარში იწურება.
„გარკვეული ვადით ჩვენი ადგილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვაკანტური იქნება, რადგან ჩვენს მოსამართლეს ვადა იანვრის ბოლოს უმთავრდება. ამიტომ ვერ მოვასწრებთ შესაბამისი კონკურსების ჩატარებას საქართველოში, რაც სამწუხაროა და რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა“, – განაცხადა დოლიძემ.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას ახალ კონკურსში, დოლიძემ უპასუხა, რომ ამაზე ჯერ არ უფიქრია.
ოპოზიციისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკვე მანამდე განაცხადეს, რომ წარდგენილი კანდიდატებისადმი ნდობის გამოხატვაზე უარს ამბობენ.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეების კანდიდატები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. კომისიის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე.