როგორია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის პრეზიდენტისეული ინტერპრეტაცია

© Pixabay / WilliamChoმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაჟინებით მოითხოვს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები მოსამართლეებმა აირჩიონ.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან შესწორებებთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: პირველად გვექნება კონსტიტუცია, რომელსაც საზოგადოების ჩართულობით მივიღებთ

24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.

„საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა 2016 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს საქმეთა ელექტრონული განაწილების შემოღებას, მოსამართლეებისთვის დამატებითი გამოსაცდელი ვადის შემოღებას, სასამართლოების თავმჯდომარეების მოადგილეთათვის სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეობის აკრძალვას.

შესწორებების თანახმად, საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას პრიორიტეტი იუსტიციის სკოლის კურსდამთავრებულებსა და იმათ უნდა მიენიჭოს, ვინც კეთილსინდისიერებისა და რეპუტაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

მარგველაშვილი ემხრობა იმას, რომ სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილე აირჩიოს არა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, არამედ ფარული კენჭისყრით უშუალოდ ამავე სასამართლოს ან სხვა სასამართლოს მოსამართლეებმა.

„სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს სააპელაციო სასამართლოს ნებისმიერ მოსამართლეს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმეტესობას, მაგრამ არანაკლებ სააპელაციო სასამართლოს სრული შემადგენლობის 1/3-ისა“, — ნათქვამია პრეზიდენტის ვარიანტში.

სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის იმავე პრინციპს სთავაზობს მარგველაშვილი საქალაქო და რაიონულ სასამართლოებშიც.

პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ ერთი და იგივე პირი ერთდროულად არ უნდა იკავებდეს სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლოს რომელიმე კოლეგიის ხელმძღვანელის პოსტს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს შენიშვნები გაუგზავნა

მარგველაშვილის აზრით, სამწლიანი გამოსაცდელი ვადა უვადო პერიოდით გამწესებულ ყველა მოსამართლეზე არ უნდა ვრცელდებოდეს. გამოსაცდელი ვადა საჭირო არ არის იმ შემთხვევაში, თუ პირმა საკონსტიტუციო ან უმაღლეს სასამართლოში არანაკლებ სამი წლის განმავლობაში იმუშავა.

პრეზიდენტის შენიშვნების თანახმად, კანონში უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა უნდა დაზუსტდეს. მარგველაშვილისთვის მიუღებელია ფორმულირება „16-მდე“ და ის, რომ უმაღლესი სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ეს რაოდენობა გაზარდოს.

უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის თვალსაზრისით პრეზიდენტი სთავაზობს კანონში ჩაიწეროს ფორმულირება „არანაკლებ 16–ისა და არაუმეტეს 28–ისა“.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნება“ სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით სასამართლო სისტემის რეფორმირებას შეუდგა.

სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა 2013 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების თაობაზე მიღებული ცვლილებები გახდა. მაშინ პრეზიდენტისა და პარლამენტის კვოტები შეამცირეს.

მეორე ტალღა იყო 2015 წელს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დანიშვნა იმ მოსამართლეებისთვის, ვინც თანამდებობაზე უვადოდ ინიშნებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0