გიგინეიშვილის „მძევლებს“ ბერლინალეზე აჩვენებენ

© FB / Киноцентр Грузииკადრი ფილმიდან "მძევლები"
კადრი ფილმიდან მძევლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“ 2017 წლის ბერლინის კინოფესტივალის პროგრამაში მეოთხე ქართული ფილმი გახდება.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმის „მძევლები“ მსოფლიო პრემიერა თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმს საფუძვლად თბილისში მომხდარი თვითმფრინავის გატაცების მცდელობის რეალური ისტორია უდევს.

1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მიზნით შვიდმა ახალგაზრდამ, მათ შორის ერთმა ქალმა, თვითმფრინავი „ტუ-134“ ჩაიგდო ხელთ. 19 ნოემბერს, გამთენიისას სპეცრაზმმა თვითმფრინავი შტურმით აიღო. გავრცელებული მონაცემებით, მაშინ დაიღუპა შვიდი ადამიანი — ორი პილოტი და ერთი ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. ქალს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დანარჩენებს — სიკვდილით დასჯა.

„ესაა ისტორია ინფანტილურ და თავდაჯერებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც აშშ-ში მოხვედრაზე ოცნებობდნენ, ასევე მათ მშობლებზე, რომლებმაც არაფერი იცოდნენ. მათი ცხოვრება ერთ დღეში საბედისწეროდ შეიცვალა“, — ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ბერლინალეს მთავარი პრიზი „ოქროს დათვი“ - Sputnik საქართველო
2017 წელს ბერლინალეზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მიხეილ გომიაშვილი.

„მძევლები“ ქართულ-რუსულ-პოლონური საერთო კინოპროდუქციაა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ „მძევლების“ კო-პროდიუსერი ოსკაროსანი ფილმის „იდას“ მთავარი პროდიუსერი ევა პუშჩინსკაა, ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

გიგინეიშვილის ფილმს აჩვენებენ ბერლინალეზე სექციაში Panorama Special. ამგვარად, „მძევლები“ წელს ბერლინის ფესტივალის პროგრამაში მეოთხე ქართული ფილმი იქნება.

ია შუღლიაშვილი - Sputnik საქართველო
აშშ-ში ქართულმა ფილმმა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ მოწონება დაიმსახურა

ბერლინში ნაჩვენები იქნება კიდევ სამი ქართული ფილმი: სექციაში Forum – ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (Polare Film) და რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი" (Oneli Film Association Ltd); ხოლო სექციაში Generation – ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციური ფილმი Li.le (20 steps productions).

ასე მასშტაბურად ქართული კინო ბერლინში პირველად იქნება წარდგენილი.

გარდა ამისა, საქართველო ბერლინალეს ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზარზე თავის სტენდს უკვე მეთორმეტედ წარადგენს.

წელს ბერლინის ფესტივალი 9-19 თებერვალს გაიმართება. ის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალად მიიჩნევა კინოს სამყაროში. ფესტივალზე ძირითადი პრიზია „ოქროს დათვი“.

წელს ჟიურის ამერიკელ-ჰოლანდიელი კინორეჟისორი პოლ ვერჰოვენი ხელმძღვანელობს.

ყველა ახალი ამბავი
0