თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ამერიკულმა ყოველკვირეულმა გამოცემა The Village Voice-მა ქართული კინოსურათი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რომლის რეჟისორები არიან ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი, 2017 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დაასახელა.
ფილმის პრემიერა 22 იანვარს „სანდენსის“ საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომელიც აშშ-ში 19-29 იანვრის ფარგლებში ტარდება.
„ისტორია ძირითადად ერთ ქალზეა ფოკუსირებული, რომელიც ცდილობს ქორწინების უღლისგან გათავისუფლებას. ფილმი ეხება მოვალეობას, იმას, თუ როგორი შეიძლება იყოს წარსული და როგორი შეიძლება ის ყოფილიყო… „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ — ეს არა მარტო სანდენსის ფესტივალის საუკეთესო ფილმია, ალბათ ის წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი იქნება“, — წერს უცხოური გამოცემა.
საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის კოპროდუქციით შექმნილი ფილმი კინორეჟისორების მეორე ერთობლივი ნამუშევარია. პირველი ფილმი, რომელზეც ექვთიმიშვილმა და გროსმა ერთად იმუშავეს, „გრძელი ნათელი დღეები“ იყო, რომელმაც დიდი საერთაშორისო წარმატება მოიპოვა.
ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ერთ ქართულ ოჯახზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 52 წლის მარინა მხეიძეა (მსახიობი ია შუღლიაშვილი), რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს კარდინალურად შეცვალოს საკუთარი რუტინული ცხოვრება და ოჯახი მიატოვოს, სადაც შვილები და მეუღლე სოსო (მერაბ ნინიძე) ცხოვრობენ.
მარინას არ ჰყავს საყვარელი, არც რაიმე დაფარული მოტივი აქვს, ის, უბრალოდ, მშვიდ ადგილზე გამგზავრებაზე ოცნებობს, სადაც შეძლებს დასვენებას, მოდუნებას, სიმშვიდით დატკბობას და დედისა და მეუღლის მოვალეობებისგან გათავისუფლებას.
ოჯახის მიტოვების გადაწყვეტილების შედეგად მარინა ბევრ ახალ ამბავს იგებს არა მარტო თავისი ახლობლების, არამედ სამყაროს შესახებ: იმ ბინის ყოფილმა მდგმურმა, რომლის დაქირავებასაც ქალი აპირებს, თურმე, თავის მოკვლა სცადა, გარდა ამისა, მარინას მეუღლესაც არცთუ ცოტა საიდუმლოებები აღმოაჩნდა…
“ჩვეულებრივ, კინოში ასეთი სახის აღმოჩენები საკვანძო საკითხების გარკვევას უწყობს ხელს, თუმცა, ამ ფილმში რაც უფრო ბევრს ვიგებთ, უფრო ნაკლები ვიცით. ერთი ადამიანის ღალატი მეორესთვის კეთილშობილურ მსხვერპლად იქცევა. დამცავი იმპულსები საშიში ხდება. გატეხილი გული შესაძლებლობად იქცევა. ყველაფერი წინ მიდის, ვიდრე არ მიხვდებით, რომ ის, რასაც თქვენ უყურებთ — ეს არა კინო, არამედ ცხოვრებაა“, — ასკვნის ამერიკული გამოცემა.
გამოცემა The Village Voice-ი ძირითადად აშშ-ის მსხვილ ქალაქებში მიმდინარე კულტურული ცხოვრების მოვლენებს აშუქებს.