„Sputnik-საქართველომ“ კინოგაქირავებაში 2016 წელს გამოსული საუკეთესო ქართული ფილმების ტოპ-10 გაიხსენა, რომლებსაც დიდი წარმატება ხვდა წილად და რომლებიც მსოფლიოს დღემდე დაუღალავად უმტკიცებენ, რომ ქართული კინემატოგრაფი ცოცხალია და ისევ ისეთი მშვენიერია.
„ანას ცხოვრება“
ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მარტოხელა დედის ცხოვრებაზე, რომელსაც აუტისტი შვილი ჰყავს და რომელიც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების იმედით ამერიკაში სამუშაოდ წასვლას გადაწყვეტს. თუმცა ამერიკის საელჩო მას ვიზას არ მისცემს, შემოვლითი გზებით აშშ–ში მოხვედრისთვის კი ძალიან ბევრ ფულს სთხოვენ. ამიტომ ახალგაზრდა ქალი უდიდეს რისკზე მიდის: ყიდის სახლს, ხოლო აღებულ თანხას უცნობ მამაკაცს აძლევს, რომელიც მას „ოცნებების ქვეყანაში“ ვიზის კორუფციული გზით აღებას ჰპირდება. მამაკაცი ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდება, რაც ანას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. დრამამ მთელი წლის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალები მოიარა და ათეულობით პრიზი მოიპოვა. ქართულ ეკრანებზე სურათი მომავალი წლის იანვარში გამოვა.
„სხვისი სახლი“
რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ფილმი „სხვისი სახლი“ — საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. ფილმი 1990-იანი წლების საქართველოს რეალობას ეხება. ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება. „სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერაც კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე შედგა, რის მერე დრამა მსოფლიოს ფესტივალების პრიზიორი გახდა. ქართველი რეჟისორის ფილმი წარდგენილი იყო ამერიკული კინოაკადემიის „ოსკარის“ პრემიაზე პრეტენდენტ ფილმებს შორის ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“, თუმცა „ოსკარის“ შორტ-ლისტში ვერ შევიდა.
„თვე, როგორც ერთი დღე“
„თვე, როგორც ერთი დღე“ — მხატვრული ფილმი, რომლისკენაც ქართველი რეჟისორი რეზო ესაძე, როგორც თავად ამბობს, მთელი ცხოვრება მიდიოდა. ფილმის სიუჟეტი ასეთია: მარლენი შორეული ჩრდილოეთიდან უნივერსიტეტელი ამხანაგის წერილს იღებს, რომელიც მას საოცარ ქალაქ-პოლისში, რჩეულთათვის განკუთვნილ ადგილზე, როგორც იგი მას უწოდებს, ჩრდილოეთის ათენში ეპატიჟება სამუშაოდ. მარლენს არჩევანის გაკეთება უჭირს, რადგან მას წასვლის შემთხვევაში ლოგინად ჩავარდნილი, ავადმყოფი დედის მიტოვება მოუწევს. მარლენი ღალატობს თავის საყვარელ ქალს, ცხოვრებაში პირველად მას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება და თავის საქციელებზე პასუხისმგებლობის აღება უწევს. ფილმში მონაწილეობენ დათო ბეშიტაიშვილი, ია სუხიტაშვილი, მიხეილ გომიაშვილი. ფილმი გამარჯვებულია თბილისის კინოფესტივალის ნომინაციაში „2016 წლის საუკეთესო მხატვრული ფილმი“.
„ვისი სული გსურს“
"ვისი სული გსურს" — ეს არის ახალი ქართული კომედია-ფენტეზი რეჟისორ დავით იმედაშვილისგან, რომელიც გახმაურებული ფილმის „ოცნების ქალაქის“ ავტორია. სურათის მთავარ გმირს ბედი ბოროტად ეთამაშება. იმის გამო, რომ გიორგი არასწორად ცხოვრობდა და იმას, რაც ჰქონდა, არ აფასებდა, ბედისწერა სხვადასხვა ადამიანების სულებში სამოგზაუროდ აგზავნის, საიდანაც ის გარედან თავის ცხოვრების ხილვას შეძლებს. ის მოხვდება საკუთარი მრავალშვილიანი მძღოლის, მის მიერ დაჩაგრული მდივნის, მისი მეუღლის და ქუჩის ძაღლის სხეულშიც კი. კომედიაში როლებს ასრულებენ გიორგი ბახუტაშვილი, დუტა სხირტლაძე, თიკო მოსემღვდლიშვილი და ნიკოლოზ წულუკიძე.
„მოუსმინე სიჩუმეს“
მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური სურათი „მოუსმინე სიჩუმეს“ იმაზე მოგვითხრობს, რა რთულია ოცნებისკენ მიმავალი გზა. ცხრა წლის ლუკა სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლიდან არის. ის სცენაზე ცეკვაზე ოცნებობს და ეს მისთვის ერთადერთი გზა და უნიკალური შანსია იმისთვის, რომ ამ დიდ სამყაროს თავის შესახებ ამცნოს. ლუკას ესმის მუსიკა, თუმცა ძალიან სუსტად, მიუხედავად ამისა ბავშვი არ ნებდება და სჯერა თავისი ოცნების. ფილმის მუსიკა ნიკა მაჩაიძემ დაწერა.
„დაისის მიზიდულობა“
"დაისის მიზიდულობა" საქართველოს და გერმანიის თანამშრომლობით გადაღებული რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმია. იგი რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ერთი პატარა ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლი იკარგება. პერსონაჟების, ადგილებისა და მოვლენების ასეთ მოზაიკაში საკუთარი თავის პოვნა როგორ შეიძლება? გოგონა სახელად დარიკო — ამ ტელეარხის ერთადერთი ჟურნალისტია, „ღვთაებრივი კომედიის“ ვერგილიუსის მსგავსად, ადგილობრივ მცხოვრებლებს ამ ქალაქის ლაბირინთებით დაატარებს.
„ხელოვნური სუნთქვა“
„ხელოვნური სუნთქვა" — რეჟისორ გიორგი ლიფონავას მრავალსერიანი დრამის ჩვენება 2016 წლის ზაფხულში დაიწყო. მოვლენების ცენტრშია სასწრაფო დახმარების ექიმი, მარტოხელა მამა შოთა, რომელიც 11 წლის შვილ მელანოსთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. თუმცა, ყველაფერი იცვლება, როცა შოთა ურთიერთობას იწყებს ამბიციურ ჟურნალისტთან – თამუნასთან. ესაა ორი რთული ნატურის შეტაკება, რომლებსაც არანაკლებ რთულ ვითარებაში უწევთ ერთმანეთთან ცხოვრება. შეძლებენ თუ არა შოთა და თამუნა ახალი ცხოვრების დაწყებას, ჯერჯერობით უცნობია. სერიალს „რუსთავი 2“ კვირაში ორჯერ აჩვენებს.
„ეს ცხოვრებაა“
„ეს ცხოვრებაა“ — რეჟისორ კუნცევი-გაბაშვილის ქართული დოკუმენტური ფილმია, რომელიც 2016 წელს არის გადაღებული. ფილმში ხუთი გმირია და თითოეულს საკუთარი ისტორია აქვს. ფილმის გმირები თელაველი უსახლკარო გერმანელები არიან. ერთი ყაზახეთიდან არის გადმოსახლებული, ყოფილი მეხანძრე, რომელიც ოდესღაც საქართველოს ღირსშესანიშნაობების გადასარჩენად იბრძოდა. ახლა ის მოხუცებულთა სახლში ფორტეპიანოზე უკრავს და საკუთარი მეურნეობის გაშენებას ცდილობს, მაგრამ მუდმივად ქურდავენ. მამაკაცი მიტოვებული საკონსერვო ქარხნის შენობაში ცხოვრობს, სადაც თავის პირად თავისუფლებას პოულობს. მეორე გერმანელს ოცი წელია ელექტროენერგია არა აქვს, მან ღუმელი გააკეთა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. თავის ნახევრადდანგრეულ სახლს ის დანგრეული საბჭოთა კავშირის სიმბოლოს უწოდებს, საკუთარ თავს კი — სამუზეუმო ექსპონატს. მესამე პერსონაჟი 80 წლისაა, კავშირგაბმულობის უფროსი. მისი სახლი არქიტექტურის ისტორიული ძეგლია, მაგრამ — ავარიულ მდგომარეობაში. როგორც კი სახლის რემონტს იწყებს, ქალაქის მერია მაშინვე აჯარიმებს. მეოთხე ყოფილი ინჟინერი და ლექტორია. ზის სახლში, ცოლის კმაყოფაზეა, უსმენს როკ-მუსიკას, უჩივის ცხოვრებას და სოფელში ელიტური აუზის აშენებაზე ოცნებობს, რისთვისაც მას მილიონი აშშ დოლარის სასტარტო კაპიტალი სჭირდება. სურათის მეხუთე გმირი კი წარმატებული მეწარმე, ფერმერია. მას მეურნეობაში დამხმარე სჭირდება, მაგრამ მუშაობა არავის უნდა. მამაკაცი ახალგაზრდების სიზარმაცესა და უტვინობაზე წუწუნებს. ფერმაში კი პატარა სამლოცველო აქვს, სადაც უკეთესი მომავლისთვის ლოცულობს.
„წითელი ვაშლები“
„წითელი ვაშლები“ — ქართველი რეჟისორის გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომლის სცენარის ავტორია ოფელია არუთუნიანი სომხეთიდან. მისი გადაღებები ერევანში მიმდინარეობდა. სურათი საქართველოს, აშშ-ისა და სომხეთის თანამშრომლობით შეიქმნა.
ფილმის „წითელი ვაშლები“ სიუჟეტი ვითარდება ძველი სომხური ტრადიციის ირგვლივ, რომლის თანახმად, ქორწინების პირველი ღამის შემდეგ სიძის მშობლები პატარძლის მშობლებს, მისი უმანკოების დასტურისა და მადლიერების ნიშნად, წითელ ვაშლებს უგზავნიან.
გოგო თხოვდება. პირველი ღამის მერე დედამთილი წყვილის საძინებელში შედის, რათა ზეწარი შეამოწმოს და ხედავს, რომ ზეწარი სუფთაა. ბიჭი დედის მხარეს იკავებს და გოგო გინეკოლოგთან მიჰყავთ… ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი კანადისა და საფრანგეთის კინოფესტივალებზე მოგზაურობს და მაყურებელს ველურ ძველ ტრადიციებსა და თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში ამ ტრადიციების ტრაგიკულ ასახვას უჩვენებს.
„ლეთა“
„ლეთა“ დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული სურათია. ფილმი 2015 წლის თებერვალში ლაგოდეხის რაიონში სოფელ ფონაში გადაიღეს. მასში მთავარ როლს ცნობილი მსახიობი მიხეილ გომიაშვილი ასრულებს. გომიაშვილი მარტოხელა მხედრის როლს ასრულებს, რომელიც მდინარის ნაპირზე ხეტიალისას შემთხვევით უცნაურ, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელში მოხვდება. უსიტყვო ფილმში (ფილმის დასაწყისში მხოლოდ ერთ მონოლოგს თუ არ ჩავთვლით) წამოწეულია სიყვარულის, ძალადობისა და მათ შორის ფაქიზი ზღვრის თემა. „ლეთაში“ გადაღებულია 50-მდე მსახიობი. მათი უმრავლესობა ლაგოდეხის სახალხო თეატრის მსახიობია. „ლეთას“ პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა.