თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ვებ-გვერდზე ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკრაინის ელჩად დანიშვნის მოთხოვნით პეტიცია გაჩნდა.
იმ პეტიციის ავტორი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე 19 იანვარს გაჩნდა, უკრაინელი აქტივისტი ოლეგ ერმოხინია.
„საქართველოს რეფორმირებაში მიხეილ სააკაშვილის დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე იმ ფაქტის, რომ ამჟამად ის უკრაინის მოქალაქეა, გთავაზობთ, დაინიშნოს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ელჩად საქართველოში“, — აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.
ამ დროისთვის პეტიციას ხელი 115-მა ადამიანმა მოაწერა. იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ეს საკითხი განიხილოს, საჭიროა მინიმუმ 25 ათასი ხელმოწერა სამი თვის განმავლობაში.
2015 წლის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობა შეიმჩნეოდა. როგორც საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ასეთი ურთიერთობები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა გამოიწვია.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, ხოლო 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
საქართველოს პროკურატურამ 2013 წლიდან სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის გადმოცემის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი გახდა და ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა. ამის შემდეგ პოროშენკოსა და სააკაშვილის გზები გაიყო — ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციაში გადავიდა.