თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა, განაცხადა, რომ ისეთივე „ჩამოსულია“ ქვეყანაში, როგორც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
სააკაშვილმა ორშაბათს განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციასთან ბრძოლის სურვილი არ არის. მან ასევე პოროშენკოს რეგიონში დანაშაულებრივი კლანის მფარველობაში დასდო ბრალი. სააკაშვილის გათავისუფლების წინადადება მინისტრთა კაბინეტმა პრეზიდენტს შეიძლება უკვე ოთხშაბათს წარუდგინოს. ამის შემდეგ პოროშენკომ შესაბამის ბრძანებას უნდა მოაწეროს ხელი.
„პეტრო პოროშენკომ შესანიშნავად იცის, რომ თუ უკრაინაში ჩამოსული ვარ, უკაცრავად, მაგრამ მაშინ ისიც ჩამოსულია. ჩვენ ჩამოვედით ინსტიტუტში სასწავლებლად ერთსა და იმავე დროს. ის მოლდოვიდან, მე — საქართველოდან. ჩვენ ერთად ვსწავლობდით და მე უკრაინელი ვარ თითქმის იმავე სტაჟით, როგორც ის. ეს ასეა, ამაში ცუდი არაფერია“, — განაცხადა სააკაშვილმა ოდესელებთან შეხვედრისას, რომელიც ტელეარხმა „112. უკრაინამ“ გადასცა.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ის პოროშენკოს ძალიან ემადლიერება მოქალაქეობის მინიჭებისთვის“.
„მაგრამ მე ამ მოქალაქეობას გამოვიმუშავებ, მან მომიწვია, რომ მე რამე სასიკეთო გამეკეთებინა და ვცდილობ, უკრაინისთვის რამე კარგი გავაკეთო, ამიტომ, ვფიქრობ, ეს კარგი იყო მისთვისაც, ჩემთვისაც და ქვეყნისთვისაც“, — დასძინა მან.
გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ პოროშენკოსა და სხვებს მოუწევთ შეგუება, რომ ის უკრაინელი პოლიტიკოსია და „თავის პოლიტიკურ წარმატებებსა და წარუმატებლობებს უკრაინაში გადაიტანს“.
სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა 2015 წლის 30 მაისს დაიკავა. მისი დანიშვნის ინიციატივა პოროშენკოს ეკუთვნის. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სააკაშვილზე დიდ იმედებს ამყარებს, მათ შორის, რეგიონში კორუფციასთან ბრძოლაში.