დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ კლინიკური სიკვდილის დროს ტვინი მუშაობას წყვეტს.
მაგრამ მიჩიგანის უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელსაც ჯიმო ბორჯიგი ხელმძღვანელობდა, ეს მტკიცება ეჭვქვეშ დააყენა. მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც ექსპერიმენტებს ვირთხებზე ატარებდა, გაარკვია, რომ სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის შემდეგ მღრღნელების თავის ტვინი იმაზე აქტიურად და შეთანხმებულად მუშაობდა, ვიდრე ანესთეზიისას ან გამოფხიზლების წინ.
ჯიმო ბორჯიგის აზრით, სწორედ გულის გაჩერების შემდეგ ტვინის აქტიურობით შეიძლება აიხსნას ხილვები, რომლებსაც ყველა კლინიკურსიკვდილგადატანილი ხედავს.
კვანტური თეორია
არიზონის უნივერსიტეტის ცნობიერების შემსწავლელი ცენტრის დოქტორმა სტიუარტ ჰამეროფმა და მისმა ბრიტანელმა კოლეგამ, ფიზიკოსმა როჯერ პენროუზმა დაასკვნეს, რომ ის, რასაც ჩვენ სულს ვეძახით — ეს ერთგვარი კვანტური ნაერთია, რომელიც თავის ტვინის უჯრედების მიკრომილაკებში მდებარეობს და ფუნქციონირებს.
მკვლევართა აზრით, კლინიკური სიკვდილისას მიკრომილაკები კვანტურ მდგომარეობას კარგავენ, მაგრამ ინფორმაცია, რომელსაც შეიცავენ, არ იშლება — ის უბრალოდ გადის სხეულიდან. თუ პაციენტის რეანიმირება მოხერხდება, კვანტური ინფორმაცია კვლავ მიკრომილაკებში დაბრუნდება.
სიკვდილისწინა განცდები
პირველად ტერმინები „სიკვდილისწინა განცდები“ და „კლინიკური სიკვდილი“ ამერიკელმა ფსიქოლოგმა რაიმონდ მუდიმ გამოიყენა, რომელმაც 1975 წელს დაწერა წიგნი „სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ“. წიგნი გამოსვლისთანავე იქცა ბესტსელერად.
უნდა ითქვას, რომ სამეცნიერო საზოგადოება საკმაოდ სკეპტიკურად ეკიდება, ასე ვთქვათ, „რეპორტაჟებს“ კლინიკური სიკვდილიდან და თითოეული მათგანისთვის მოეპოვებათ ახსნა.
მაგალითად, მიაჩნიათ, რომ ადამიანებს სიკვდილისწინა განცდები ეუფლებათ არა კლინიკური სიკვდილის მომენტში, არამედ თავის ტვინის სიკვდილის ადრეულ ეტაპებზე, აგონიის წინ ან უშუალოდ აგონიისას.
ხილვას, რომელიც ადამიანის მთელ ცხოვრებას ასახავს, მეცნიერები იმით ხსნიან, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის „ჩაქრობის“ პროცესი თავის ტვინის შედარებით ახალგაზრდა სტრუქტურებიდან იწყება, აღდგენა კი პირიქით – ჯერ უფრო ძველი ფუნქციები იწყებს მუშაობას, მერე კი უფრო ახალგაზრდა. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ კლინიკური სიკვდილისას ადამიანი უპირველესად თავისი ცხოვრების ყველაზე ემოციურ მომენტებს ხედავს.
კოპლებიანი კაბა
და, მაინც, მეცნიერთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც არა თუ გვიამბობენ თავს გადამხდარი უცნაური მოვლენების შესახებ, არამედ ღრმადაც სწამთ კლინიკური სიკვდილის ფენომენისა.
ასეთთა შორისაა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ანდრეი გნეზდილოვიც, რომელიც ერთ საინტერესო ისტორიას იხსენებს:
„პაციენტ ქალს, სახელად იულიას, ოპერაციისას გული გაუჩერდა. ექიმებმა მისი რეანიმირება შეძლეს და პალატაში გადაიყვანეს. მის სანახავად რომ მივედი, ქალმა შემომჩივლა, ოპერაცია დაპირებულმა ქირურგმა არ გამიკეთაო. არადა, ექიმის დანახვა მას არანაირად არ შეეძლო, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში უგონოდ იყო.
პაციენტმა მიამბო, რომ რაღაც ძალამ ის სხეულიდან გაისროლა და ისიც ასე, „გარედან“ მშვიდად აკვირდებოდა ოპერაციის მსვლელობას. მაგრამ უცბად შფოთს შეუპყრია – ხომ შეიძლება ისე მოვკვდე, რომ დედასა და ქალიშვილს ვერც კი დავემშვიდობოო?!
ეს იყო და უეცრად მისი ცნობიერება სახლში აღმოჩენილა. ქალს დაუნახავს დედა, რომელიც სავარძელში იჯდა და ქსოვდა, მისი გოგონა კი თოჯინებით თამაშობდა. ამ დროს მეზობელი შესულა და გოგონასთვის კოპლებიანი კაბა მიუტანია. ბავშვს გახარებია და კაბისკენ გაქანებულა, მაგრამ მაგიდას წამოსდებია, ჭიქა გადაუყირავებია და გაუტეხავს. მეზობელს ამაზე უთქვამს, სიკეთის ნიშანია, როგორც ჩანს, იულიას მალე გამოწერენ საავადმყოფოდანო.
ამ დროს იულია მოულოდნელად ისევ საოპერაციოში აღმოჩენილა და გაუგონია სიტყვები: „ყველაფერი რიგზეა, გადარჩა!“
…და იულიას ცნობიერებაც სხეულს დაბრუნებია.
მონათხრობით შეძრული ქალის დედას ვეწვიე შინ და გავესაუბრე. გაირკვა, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც იულიას ოპერაციას უკეთებდნენ, მათთან მეზობელი შესულა და… მოკლედ, კოპლებიანი კაბისა და გატეხილი ჭიქის ამბავი დეტალებში დამიდასტურა“.
ეს ერთადერთი უცნაური მოვლენა არ არის გნეზდილოვისა და მისი თანამშრომლების პრაქტიკაში. აუხსნელი მოვლენები სანქტ-პეტერბურგის ჰოსპისში ძალზე ხშირია. მაგალითად, თუ ექიმს თავისი პაციენტი დაესიზმრა, რომელიც ზრუნვისთვის მადლობას უხდის, მან უკვე იცის, რომ საავადმყოფოში მისულს პაციენტი გარდაცვლილი დახვდება…