თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. სირიის შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლები და დამასკის დელეგაცია ასტანაში ორშაბათს მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან, რათა ქვეყანაში ვითარების მოგვარების საკითხში შეხების წერტილები იპოვონ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
მხარეებს მოლაპარაკებების პროცესში ნაბიჯის წინ გადადგმაში დაეხმარებიან რუსეთი, თურქეთი და ირანი — სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 29 დეკემბრის შეთანხმების გარანტორი ქვეყნები, ასევე გაერო. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, სამშაბათს დასრულდება.
კონსულტაციებზე ყაზახეთში მიწვეული არიან სირიის შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 29 დეკემბერის შეთანხმებას შეუერთდნენ.
მოსკოვში ყაზახეთის შეხვედრას განიხილავენ როგორც მნიშვნელოვან ეტაპს, რათა შემუშავდეს ძირითადი პარამეტრები კრიზისის მოსაგვარებლად, ხოლო ამ პარამეტრების განხილვა უნდა გაგრძელდეს ჟენევის მოლაპარაკებების მაგიდასთან.
გაეროს სპეციალურმა დესპანმა სტაფან დე მისტურამ, რომელიც ასტანის კონსულტაციებში თვითონ მიიღებს მონაწილეობას, „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ შეიარაღებული დაჯგუფებების წარმომადგენლებს შემდგომ ჟენევის მოლაპარაკებებზე მიიწვევენ. მანამდე ისინი სირიის პოლიტიკური მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში მიწვეული არ ყოფილან. ჟენევაში, ძირითადად, „დევნილი“ ოპოზიციონერები იკრიბებოდნენ — პოლიტიკური ემიგრანტები, რომლებსაც საერთოდ არა აქვთ, ან ძალზე მცირე გავლენა აქვთ ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებაზე.
ამასთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ჟენევის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჩატარდება თუ არა 8 თებერვალს, როგორც ეს თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული. თავად კონსულტაციების მოდერატორმა დე მისტურამ არ გამორიცხა, რომ ეს თარიღი შეიძლება გადაიწიოს — ყველაფერი ასტანის შეხვედრაზეა დამოკიდებული.
მოლაპარაკებების ინტრიგა ბოლო დრომდე მასში აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობა იყო, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში, ფაქტობრივად, ჩამოშორდნენ სირიაში ვითარების დარეგულირების პროცესს. ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ასტანაში ვაშინგტონი თავის ახლო აღმოსავლეთის ექსპერტებს არ გაგზავნის და მხოლოდ ყაზახეთში აშშ-ის ელჩის ჯორჯ კროლის დამკვირვებლის სახით ყოფნით შემოიფარგლება.
ექსპერტებს ყაზახეთში მოლაპარაკებების პერსპექტივებთან დაკავშირებით ილუზიები არა აქვთ: დაპირისპირებულ მხარეებს შეხების წერტილი არცთუ ბევრი აქვთ. პოლიტოლოგები ასტანის შეხვედრას უფრო განიხილავენ, როგორც მოსამზადებელს ჟენევის კონსულტაციების ჩატარების წინ. მათი აზრით, ახალი ფორმატით კიდევ რამდენიმე რაუნდის ჩატარება იქნება საჭირო.