თავდაცვის მინისტმა დიპკორპუსთან სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა

გამოწერა
დიპლომატებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასეს.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებთან შეხვედრა გამართა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური

შეხვედრაზე ლევან იზორიამ უცხოელ ელჩებს და თავდაცვის ატაშეებს სამინისტროში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული იმ რეფორმების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელთა მიზანიც, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის შეფასებით, მიმდინარე რეფორმები დროული იყო.

„ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პროგრესმა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს გაუმკლავდეს რეგიონში არსებულ გამოწვევებს“, — განაცხადა იან კელიმ.

აშშ-ის ელჩის თქმით, რეფორმები ძალიან რთულად განსახორციელებელი —  რადგან ის პერსონალის შემცირებასა და სამინისტროს სტრუქტურის რეორგანიზაციას უკავშირდებოდა — თუმცა დროული იყო.

„აღნიშნული ცვლილებებით უფრო სწრაფად განვახორციელებთ ჩვენს საწვრთნელ პროგრამას საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რაც მას საშუალებას მისცემს გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები“, — ხაზი გაუსვა იან კელიმ.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
რეორგანიზაცია თავდაცვის უწყებაში: მინისტრი მრჩეველების გარეშე დარჩა

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თავდაცვის სამინისტროს ახალ, ოთხწლიან სტრატეგიასა და სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავების პროცესს. თავდაცვის მინისტრმა უცხოელ სტუმრებს ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გააცნო, რომელიც დოკუმენტში იქნება ასახული.

საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი ძირითადად შეიარაღებული ძალების თავდაცვის მზადყოფნის გაძლიერებაზეა ორიენტირებული, რომელიც ეტაპობრივი პროცესია და რომლის განხორციელებაც სამინისტრომ უკვე დაიწყო.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, რადგან საბიუჯეტო თანხები, რომლებიც აღჭურვილობის შესაძენად და წვრთნებისთვის იყო გამოყოფილი არასაკმარისია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის დროს შეიარაღებული ძალები საფრთხეებთან გამკლავებას ეფექტურად ვერ შეძლებდნენ“, — განაცხადა მენიემ.
მან იქვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზადაა გვერდში დაუდგეს საქართველოს და დაეხმაროს სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უწყებაში მიმდინარე რეფორმა ყველაზე მრავლისმომცველი მცდელობაა, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას, არამედ ფუნქციონალური გზით შეიარაღებულ ძალებსაც.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტრო რეფორმებს გააგრძელებს

„პროგრესის დიდი ნაწილი უკვე მიღწეულია. რეფორმა ბევრ რთულ პირობასაც მოითხოვს. რთულია სამხედრო ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და კადრების შემცირება, მაგრამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის რთული ნაბიჯების გადადგმა საჭიროა“, —აღნიშნა ლაჰიუმ.

დიპლომატებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასეს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.


ყველა ახალი ამბავი
0