თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოში სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებით ოფიციალურად 80 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული, აქედან ნაწილი საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის თავმჯდომარემ მანანა შარაშიძემ.
საქართველოს ექიმები აგროვებენ ხელმოწერებს პეტიციისთვის „დავიცვათ ფსიქიკური ჯანმრთელობა“, რომელშიც პროტესტია გამოთქმული დადგენილებაში „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების შესახებ“ ცვლილებების გამო. ცვლილებები ქვეყნის მთავრობამ იანვრის დასაწყისში შემოიღო.
მწვავე ფსიქიკური აშლილობების მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხები დაახლოებით 40%-ით შემცირდა, რის გამოც თბილისში ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მოქმედი სამი ფსიქიატრიული განყოფილება იძულებული გახდა შეეწყვიტა პაციენტების მიღება და გაეუქმებინა 90 მწვავე საწოლი.
„თბილისში მომსახურებას განაგრძობს მხოლოდ ორი ფსიქიატრიული კლინიკა, რომელიც არის გადავსებული და, შესაბამისად, სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც კი უარს ეუბნება პაციენტების მიღებაზე. შედეგად ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანები რჩებიან მომსახურების გარეშე“, — განაცხადა შარაშიძემ.
ერთადერთი გამოსავალია კერძო ფსიქიატრიული კლინიკები, რომლებსაც მაღალი ფასების გამო ცოტა თუ მიმართავს. სახელმწიფო ფსიქიატრიულ კლინიკებში მკურნალობა უფასოა.
ქართველი ფსიქიატრები მოითხოვენ ცვლილებებს ბიუჯეტში, დაფინანსების გაზრდას და დადგენილების გადახედვას პაციენტების ინტერესების, უფლებების დაცვისა და ხარისხიანი ფსიქიატრიული მომსახურების სასარგებლოდ. ახალი ცვლილებები კი ეწინააღმდეგება თანამედროვე, ჰუმანურ მკურნალობას, აცხადებენ ექიმები.
„ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების წესების დაუგეგმავმა ცვლილებებმა ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსი გამოიწვია და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა“, — აღნიშნა შარაშიძემ და დასძინა, რომ დაფინანსება შეუმცირეს ასევე რიგ რეგიონულ ფსიქიატრიულ განყოფილებებს.
ექიმმა აღნიშნა, რომ ბოლო კვლევების თანახმად, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვნად გაიზარდა სტრესული ვითარებები (სამუშაოს დაკარგვა, რთული სოციალური ფონი და ა.შ.) და ამასთან დაკავშირებული ფსიქიკური დარღვევები.
„სახელმწიფომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებაზე უნდა იზრუნოს“, — განაცხადა სპეციალისტმა და აღნიშნა, რომ საქართველოში ფსიქიატრიის დარგი ყოველთვის „მწირი საბიუჯეტო ნარჩენებით“ ფინანსდება. მთელი წილი მიდის საყოველთაო დაზღვევაზე, ხოლო ფსიქიატრიის სფერო კვლავ მეორე პლანზე რჩება.
ქართველი ფსიქიატრები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს ცალკე ფსიქიატრიული საავადმყოფოები, რადგან ეს ავადმყოფებს თრგუნავს. ექიმები მიიჩნევენ, რომ ზოგადი პროფილის კლინიკებში უნდა იყოს მეტი ფსიქიატრიული განყოფილებები, ასევე სპეციალიზებული დისპანსერები.
„მერწმუნეთ, სახელმწიფოსთვის ბევრად უფრო მომგებიანია პაციენტების მკურნალობა სახლში პოლიკლინიკებისა და განყოფილებების მეშვეობით, ვიდრე მათი საავადმყოფოში დაწვენა. რატომ არის მნიშვნელოვანი განყოფილებები და პოლიკლინიკები? წარმოიდგინეთ, თუ გაუთხოვარ გოგონას დეპრესია ან ნევროზი დაეწყება და მისი რამდენიმე დღით საავადმყოფოში დაწვენა მოგიხდათ. დამეთანხმეთ, რომ ეს მომავალში არცთუ კარგად აისახება მის კარიერასა და პირად ცხოვრებაზე“, — აღნიშნა შარაშიძემ.
ფსიქიკურად დაავადებული უამრავი ადამიანი რჩება სახლში ჩაკეტილი, მათი მდგომარეობა მძიმდება, ისინი საჭიროებენ მკურნალობასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას, აღნიშნა შარაშიძემ.