თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთში ვიზიტის მსვლელობისას ესპანური მსხვილი სამშენებლო კომპანია ACS-ის ხელმძღვანელს, მადრიდის საფეხბურთო კლუბ „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა.
პერესმა კვირიკაშვილს აჩუქა მაისური პრემიერის გვარითა და პირველი ნომრით, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური.
შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა პერესს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომელიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
პერესი მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში ჩართვის დაინტერესება გამოთქვა.
ACS მშენებლობის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს (JSC Anaklia Development Consortium (Georgia) შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა.
მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება სამი წლის შემდეგ იგეგმება და ამის შემდეგ პორტი ფუნქციონირებას უკვე დაიწყებს. ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ფაზაზე 586 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
პორტის განვითარების პირველ ეტაპზე ტვირთბრუნვის გაორმაგება იგეგმება, სამი ეტაპის რეალიზაციის შემდეგ კი დაგეგმილია ტვირთების გადამუშავების ზრდა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე. სამახსოვრო კაფსულის ჩადების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას "საუკუნის პროექტი" უწოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთს ვიზიტით სამშაბათს ეწვია. გიორგი კვირიკაშვილმა უკვე გამართა შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ტალებ რიფაისთან და ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სთან.
ესპანეთში ვიზიტის შემდეგ კვირიკაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრება, სადაც დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის მიმდინარეობისას პრემიერ-მინისტრი შეხვდება ბიზნესმენებსა და სახელმწიფოების მეთაურებს. ვიზიტი 21 იანვარს დასრულდება.