პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“ ახალგაზრდა მოცეკვავე ნიტა ლომიძემ გაიმარჯვა

გამოწერა
საცეკვაო პროექტის მაყურებელთა დიდმა ნაწილმა უპირატესობა 13 წლის ნიტა ლომიძეს მიანიჭა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ტელეკომპანიის Imedi შოუში „შენ შეგიძლია ცეკვა“ ნიტა ლომიძემ გაიმარჯვა — 13 წლის გოგონამ მაყურებელთა ხმების 45% მიიღო.

პროექტის სხვა ფინალისტებს შორის ხმები ასე განაწილდა: ირაკლი ფიფიამ 43% მიიღო, თენგო ზარდიაშვილმა — 10% და თეონა წიწაკიშვილმა — 2%.

ნიტამ თბილისში ერთოთახიანი ბინა მოიგო. ირაკლი ფიფია ავტომობილის მფლობელი გახდა. თენგომ ეგვიპტეში ორკაციანი საგზური და ფულადი პრიზი მიიღო, თეონამ კი — საგზური დუბაიში.

შოუს შენ შეგიძლია ცეკვა მონაწილეები - Sputnik საქართველო
ცრემლი და აღფრთოვანება – ყრუ-მუნჯმა ბავშვებმა ტელეშოუს ჟიური ცეკვით მოხიბლეს

ნიტა ლომიძე — ცნობილი მშობლების შვილია: მამა მსახიობი ნიკა ლომიძეა, დედა კი ქორეოგრაფი თეა გობეჯიშვილი. ოთხი წლიდან გოგონამ ტანვარჯიშზე სიარული დაიწყო, ცეკვა კი დედამ და ბებიამ შეაყვარეს.

ნიტა ლომიძე პროექტში არაერთხელ შეადარეს ამერიკელ მოცეკვავეს, მოდელსა და მსახიობს მედი ზიგლერს, რომელიც ავსტრალიელი მომღერლის Sia–ს ვიდეოკლიპებში გადაღებებით გახდა ცნობილი.
თავისი ასაკისთვის ნიტას ძალიან გადატვირთული ცხოვრება აქვს — ის მსახიობია, გადაღებულია ხუთ კინოფილმში. მათ შორისაა "ანოს და ვანოს თავგადასავალი", "ლურჯი ფრინველი", "ცელქი ბავშვები" (ორივე ნაწილი) და "ვისი სული გსურს".

პროექტი “შენ შეგიძლია ცეკვა“ — ამერიკული სატელევიზიო საცეკვაო შოუს So You Think You Can Dance ანალოგია.

თათა ჯაში - Sputnik საქართველო
იარაღით და კრივით გატაცებული ქართველი ბალერინა და მისი ცეკვა 10-კილოგრამიან პითონთან

პროექტის მონაწილეთა შესარჩევად საქართველოში სპეციალურად იყო ჩამოსული ორიგინალური შოუს მთავარი პროდიუსერი ჯეფ ტაკერი. კონკურსანტები შეირჩა თბილისში და საქართველოს რეგიონებში. ტელეპროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა მსურველს, ასაკობრივი და პროფესიული შეზღუდვების გარეშე.

ქართულ ტელეპროექტში ჟიურის წევრები იყვნენ ამერიკელი ქორეოგრაფი ზაკ რისი, მსახიობი და წამყვანი დუტა სხირტლაძე, პროფესიონალი მოცეკვავეები სალომე ჭაჭუა და ნატალია რთველიაშვილი-მანგანი.

სატელევიზიო საცეკვაო შოუ So You Think You Can Dance 2005 წელს დაარსდა (ტელეკომპანია Fox, აშშ). იმ დროიდან ეთერში პროექტის 13 სეზონი გავიდა. ტელეშოუს ჟიურის წევრებს შორის არიან ამერიკელი მოცეკვავე მედი ზიგლერი, პროდიუსერი, რეჟისორი და მსახიობი ნაიჯელ ლიტგო, მომღერალი და მოცეკვავე პოლა აბდული, მუსიკოსი და მოცეკვავე ჯეისონ დერულო, კინომსახიობი, რეჟისორი და მოცეკვავე ადამ შენკმანი, ასევე ქორეოგრაფები მია მაიკლსი და მერი მერფი.

ყველა ახალი ამბავი
0