იარაღით და კრივით გატაცებული ქართველი ბალერინა და მისი ცეკვა 10-კილოგრამიან პითონთან

© FB/ Tata Jashiთათა ჯაში
თათა ჯაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „საუბარი პირისპირ“ საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინას, ლამაზსა და ნიჭიერ თათა ჯაშს „ახლო ხედით“ გაიცნობთ.

თავის დროზე მან საბალეტო სკოლა გერმანიაში დაამთავრა. ერთი პერიოდი ფოტომოდელობით სერიოზულად იყო გატაცებული და მსოფლიოში ცნობილ გალერეა „ლუმას“ სახეს წარმოადგენდა. 2009 წელს კონკურსზე „მსოფლიო დედოფალი“ მეექვსე ადგილი დაიკავა. ტრავმის გამო სცენაზე ოთხწლიანი პაუზა ჰქონდა, თუმცა ახლა კვლავ აქტიური და მოტივირებულია. ამჟამად თათა ტელეკომპანია „იმედის“ პროექტის „შენ შეგიძლია ცეკვა“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა.

© FB/ Tata Jashiთათა ჯაში გამოფენაზე
თათა ჯაში გამოფენაზე - Sputnik საქართველო
თათა ჯაში გამოფენაზე

– თათა, ერთდროულად ხართ ბალერინა, მხატვარი და ფოტოხელოვანი, გაქვთ სხვადასხვა გატაცებები. რა რის ეს — გზა თვითდამკვიდრებისკენ?

— ზოგადად, ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ და ვცდილობ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი გავიგო და ავითვისო, ალბათ, ამ კუთხით სურვილი მაქვს, უფრო განვვითარდე და მარტო ცეკვით არ ვიყო დაკავებული…

– 10 კილოგრამიან პითონთან ერთად იცეკვეთ — ამ ავანტურაზე როგორ წახვედით?

— ცხოვრებაში ყოველთვის მაინტერესებდა ექსპერიმენტები, ერთგვარი გამოწვევებიც მიყვარს და ეს ფაქტიც ერთ-ერთი გამოწვევა იყო. მანამდე ზოოპარკში დავდიოდი და ვვარჯიშობდი. მაინტერესებდა ასეთ უჩვეულო პარტნიორს როგორ მოვერგებოდი. ახლა უკვე შემიძლია მას „პარტნიორი“ ვუწოდო. ალბათ, ეს საინტერესო გამოცდილებაც იყო და ერთგვარი გამოწვევაც, რაც წარმატებით გადავლახე.

© FB/ Tata Jashiთათა ჯაში კონკურსზე „შენ შეგიძლია ცეკვა“
თათა ჯაში კონკურსზე „შენ შეგიძლია ცეკვა“ - Sputnik საქართველო
თათა ჯაში კონკურსზე „შენ შეგიძლია ცეკვა“

– ადრენალინის ფაქტორიც ხომ არ თამაშობს თავის როლს?
— მე არ ვარ ის ადამიანი, რომლისთვისაც ადრენალინის ფაქტორი გადამწყვეტია. არ მიყვარს, როდესაც საკუთარ თავს და, შესაბამისად, საკუთარ ოჯახს არ უფრთხილდებიან. თუმცა, ზომიერების ფარგლებში ადრენალინის მომენტსაც არ გამოვრიცხავ და თუ ეს ჩემს ხელოვნებასაც გაალამაზებს — რატომაც არა, მომწონს.

– თქვენ ხატავთ და თქვენ ნამუშევრებზე ბატონ მერაბ ბერძენიშვილის საქებარი სიტყვებიც მსმენია…

— ბატონ მერაბთან ვსწავლობდი ხატვას. ერთხელ მან აღნიშნა, რომ ფერების აღქმა საერთოდ არ ისწავლება, ეს ნიჭი თანდაყოლილია და მხატვარს ან აქვს ან არაო. ჩემ შემთხვევაში კი თქვა, რომ ფერების ჩემებურად აღქმის უნარი გამაჩნია. მისი ასეთი შეფასება ძალზე მახარებს, რადგან ხატვა მიყვარს და ძალიან მავსებს.

© FB/ Tata Jashiთათა ჯაშის ნახატი
თათა ჯაშის ნახატი - Sputnik საქართველო
თათა ჯაშის ნახატი

– თქვენ ძირითადად პორტრეტებს ხატავთ და ფოტოებსაც იღებთ. ყველაზე ხშირად თათა ჯაშის ფოტოობიექტივში რა ან ვინ ხვდება?

— ალბათ, ჩემი დისშვილები, რომლებიც დახატულიც მყავს და გადაღებულიც…

– თუ გაქვთ კიდევ რაიმე გატაცება, რის შესახებაც ქალაქში ბევრმა არ იცის?

— დიახ, იარაღით ვარ გატაცებული, სროლა მიყვარს და ეს ჩემი ბავშვობისდროინდელი გატაცებაა. თუ იარაღში კარგად ვერკვევი, ეს მამას დამსახურებაა, მან იქონია ჩემზე გავლენა. ტირს ახლაც ხშირად ვსტუმრობ ხოლმე.

– ალბათ თქვენში ამორძალის კოდი დევს: ერთბაშად არის ძალაც და სინაზეც…

— ასეა, მაგრამ ვერ გეტყვით, რატომ… იარაღის გარდა ბავშვობიდან კრივიც მაინტერესებს. თქვენ წარმოიდგინეთ, კრივზე დავდიოდი კიდეც. კიდევ ძალიან კარგი მძღოლი ვარ და არ მიყვარს, როცა საჭეს ქალივით მართავენ ხოლმე. სულ  ვცდილობ, ავტომობილი მამაკაცურად ვატარო.

© FB/ Tata Jashiთათა ჯაში
თათა ჯაში - Sputnik საქართველო
თათა ჯაში

– 2009 წელს გერმანიაში ჩატარებულ კონკურსზე „მსოფლიო დედოფალი“ მეექვსე ადგილი დაიკავეთ — ეს რა ეტაპი იყო თქვენ ცხოვრებაში?

— მაგ დროს გერმანიაში ვცხოვრობდი და საბალეტო სფეროში გამართულ სხვადასხვა კონკურსზე გამოსვლა გერმანიის სახელით მიწევდა, რადგან თეატრალური ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტიც ამ ქვეყანაში დავამთავრე. სილამაზის კონკურსზე შესაძლებლობა მომეცა, საქართველოს სახელით გამოვსულიყავი. თანაც, ეს სიახლე იყო და მაინტერესებდა. 

– რომელია სასურველი პარტია, რომელიც გსურთ სცენაზე შეასრულოთ?

— საოცნებო პარტია?— ალბათ ჯულიეტას როლი, რადგან ძალიან მიყვარს შექსპირი, „რომეო და ჯულიეტა“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია… წარმომიდგენია ამ პარტიის შესრულებისას როგორ დამივლის ჟრუანტელი…

© FB/ Tata Jashiთათა ჯაში
თათა ჯაში - Sputnik საქართველო
თათა ჯაში

– მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი გატაცებებისა, შეიძლება ითქვას, რომ დინჯი და გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ…

— ჩემი გადმოსახედიდან მართლაც უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ვარ, მაგრამ ცეკვის დროს შეიძლება არ მეტყობოდეს. უბრალოდ, როდესაც რაღაც ისე არ გამოდის, ეს ჩემზე მოქმედებს. ახლა პროექტშიც და თეატრშიც ერთდროულად ვარ დაკავებული და, რომ იტყვიან, გადარბენაზე ვარ. ამიტომ ძალიან მაღიზიანებს და მთრგუნავს ის ფაქტი, რომ ორივე პროექტში ბოლომდე ვერ ვიხარჯები, რის გამოც მზად ვარ ტირილიც დავიწყო… მაგრამ ვისაც დატვირთული ცხოვრების რეჟიმი აქვს, ეს მათთვის, ალბათ, ნორმალურიცაა.

– საინტერესო ადამიანი ხართ და, ვფიქრობ, თქვენი მოხიბვლა არც ისე ადვილი იქნება…

— ადამიანმა შეიძლება მომხიბლოს გულწრფელი დამოკიდებულებით, ადამიანობით, თავმდაბლობით, სიკეთით…

© FB/ Tata Jashiთათა ჯაში
თათა ჯაში - Sputnik საქართველო
თათა ჯაში

– რთულია საქართველოში წარმატებული, ლამაზი და ამასთან თავმდაბალიც იყო?

— არ ვიცი, მე დიდ სირთულეს ამაში ვერ ვხედავ… შესაძლოა, სხვებზე ბევრი რამ გამიკეთებია, მაგრამ არ ვთვლი, რომ ამის გამო მათ შეიძლება ზემოდან  შევხედო… რაც უფრო თავმდაბალი ვიქნები, ჩემთვისაც უკეთესი იქნება…

ყველა ახალი ამბავი
0