თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველო მონაწილეობს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც მადრიდში 18–22 იანვრის პერიოდში ტარდება, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური.
გამოფენის ისტორიაში პირველად ქართულ საგამოფენო სივრცეს ესპანეთის მეფე ფელიპე VI ესტუმრა დედოფალ ლეტიციასთან ერთად. ქართულ კუთხეს ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი სტუმრობდა.
ქართულ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი არიან ტურისტული კომპანიები, რომლებიც უცხოელ ტურისტებს საქართველოში სხვადასხვა სერვისსა და ტურისტულ პროდუქტს სთავაზობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთის სამეფო წყვილს საქართველოს კურორტების, ტურისტული პოტენციალისა და ქვეყანაში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მეფემ და დედოფალმა საქართველოს შესახებ მომზადებული კლიპი ნახეს და ქართული პოლიფონიური მუსიკა მოისმინეს.
მთავრობის მეთაურმა სამეფო ოჯახი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღების აღსანიშნავ ღონისძიებებზე საქართველოში მოიწვია.
საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთში ვიზიტით სამშაბათს გაემგზავრა. მან უკვე გამართა შეხვედრები გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ტალებ რიფაისთან და ესპანური მსხვილი სამშენებლო კომპანია ACS-ის ხელმძღვანელთან, მადრიდის საფეხბურთო კლუბ „რეალის“ პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან.
ესპანეთში ვიზიტის შემდეგ კვირიკაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრება, სადაც დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის მიმდინარეობისას პრემიერ-მინისტრი შეხვდება ბიზნესმენებსა და სახელმწიფოების მეთაურებს. ვიზიტი 21 იანვარს დასრულდება.