თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სთან და განიხილა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, რომელიც მადრიდში ოთხშაბათს გაიხსნება.
შეხვედრაზე კვირიკაშვილმა საქართველოს მზარდ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2016 წელს საქართველოს 6,4 მილიონი ვიზიტორი ეწვია, ხოლო შემოსავალმა ტურიზმიდან 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
შეხვედრას, რომელიც ელ-პარდოს სასახლეში გაიმართა, ესწრებოდა გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი.
შეხვედრის შემდეგ სამეფო სასახლეში 2017 წლის მდგრადი ტურიზმის განვითარების საერთაშორისო წლად გამოცხადებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
რიფაიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო ბრენდია, რომელიც ასოცირებულია ულამაზეს ქვეყანასთან და შესანიშნავ ხალხთან.
ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა კვირიკაშვილმა რიფაისთან გამართა. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა.