თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ტრიესტეს (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი.
როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, იტალიაში წარადგენენ დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმს „ლეთას“ და ალექსანდრე კვატაშიძის დოკუმენტურ ფილმს „ჩეჩნეთის გზაჯვარედინზე“. კინოფესტივალი ტრიესტეში 20-29 იანვარს ჩატარდება.
ფილმი „ლეთა“ 2015 წლის თებერვალში ლაგოდეხის რაიონში სოფელ ფონაში გადაიღეს. მასში მთავარ როლს ცნობილი მსახიობი მიხეილ გომიაშვილი ასრულებს. გომიაშვილი მარტოხელა მხედრის როლს ასრულებს, რომელიც მდინარის ნაპირზე ხეტიალისას შემთხვევით უცნაურ, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელში მოხვდება. უსიტყვო ფილმში (ფილმის დასაწყისში მხოლოდ ერთ მონოლოგს თუ არ ჩავთვლით) წამოწეულია სიყვარულის, ძალადობისა და მათ შორის ფაქიზი ზღვრის თემა.
„ლეთაში“ 50-მდე მსახიობი გადაიღეს. მათი უმრავლესობა ლაგოდეხის სახალხო თეატრის მსახიობია.
„ლეთას" მსოფლიო პრემიერა 2016 წელს კანის კინოფესტივალის ფარგლებში ფრანგულ რივიერაზე წარმატებით გაიმართა. მას შემდეგ ფილმი არაერთ კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.
ალექსანდრე კვატაშიძის დოკუმენტური ფილმი „ჩეჩნეთის გზაჯვარედინზე“ ქართული კინოცენტრის 2003 წლის გამარჯვებული ფილმია.
„აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე კვატაშიძის ფილმის და ტრიესტეს კინოფესტივალის თანამშრომლობა ჯერ კიდევ პროექტის განვითარების ეტაპიდან დაიწყო. "ჩეჩნეთის გზაჯვარედინი" მონაწილეობას იღებდა ფესტივალის კოპროდუქციის ფორუმზე When East Meets West. მოგვიანებით, სექციაში Last Stop Trieste, სადაც მონტაჟის ეტაპზე მყოფი ფილმებია წარმოდგენილი, ალექსანდრე კვატაშიძის ნამუშევარი HBO Europe Award-ის მფლობელი გახდა“, — ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.
ფილმი ასახავს ექვსი ფოტოგრაფის ისტორიას, რომლებსაც ფილმის ავტორი ალექსანდრე კვატაშიძე ჩეჩნეთში შეხვდა. წელს ფილმი "ჩეჩნეთის გზაჯვარედინი" წარდგენილია პროგრამაში Born In Trieste, რადგან ფილმის საერთაშორისო ისტორია ამ ფესტივალზე დაიწყო.
ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი 1989 წლიდან იმართება და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული კინოფორუმია.