ფილმი „სხვისი სახლი“ აშშ–ში კინოოპერატორების პრემიაზეა წარდგენილი

გამოწერა
ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“ ამერიკელი კინოოპერატორების საზოგადოების პრემიაზეა ნომინირებული ფილმებთან „ლა–ლა ლენდი“,“მთვარის შუქი“ და „დუმილი“ ერთად.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“ ამერიკელი კინოოპერატორების საზოგადოების ყოველწლიურ პრემიაზეა წარდგენილი, რომელიც განსაკუთრებული მიღწევებისთვის დაწესებული ჯილდოა (Outstanding Achievement Awards). წელს პრემიის გადაცემა 31–ედ გაიმართება. 

ამერიკელი კინოოპერატორების საზოგადოება (American Society of Cinematographers, ASC) პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც 1919 წელს ორგანიზაციების – Cinema Camera Club და Static Club of America შერწყმის გზით დაარსდა. ეს კინოოპერატორების უძველესი და ყველაზე საპატიო საზოგადოებაა. მისი წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ კინოოპერატორი და სპეცეფექტების ექსპერტი, რომელიც მოქმედი წევრების მიერ უნდა იყოს მიწვეული.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელ კინოოპერატორთა ნომინანტი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი გახდა!“ – აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უცხო სახლი - Sputnik საქართველო
2016 წლის ქართული ფილმების ტოპ-10

ამ პრესტიჟულ პრემიაზე ქართული ფილმი ნომინირებულია ისეთ ფილმებთან ერთად, როგორიცაა დემიენ შაზელის La La Land, ბარი ჯენკენსის Moonlight და მარტინ სკორსეზეს Silence.

„სხვისი სახლი“ წარდგეილი იქნება კატეგორიაში Spotlight Award – ცნობილი ესპანელი ოპერატორის, გორკა გომეს ანდეს (Gorka Gomez Andreu) ნამუშევრისთვის.

ჯილდოს მფლობელები 2017 წლის 4 თებერვალს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდებიან.

დრამა "სხვისი სახლი" ქართული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული ფილმია. ის საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის ერთობლივი ნაწარმოებია. იგი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება.

ფილმი რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ნამუშევარია. მისი პრემიერა გასულ წელს კარლოვი–ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ის გამარჯვებული გახდა საკონკურსო პროგრამაში East of the West. ამის შემდეგ დრამა მსოფლიოს ფესტივალების პრიზიორი გახდა. 

ქართველი რეჟისორის ფილმი ასევე წარდგენილი იყო „ოსკარზე“ პრეტენდენტ ფილმებს შორის ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“, თუმცა „ოსკარის“ შორტ-ლისტში ვერ შევიდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0