თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირას ჯერ კიდევ 2013 წელს იყო, განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
გასულ კვირაში „ნაცმოძრაობის“ ლიდერთა ნაწილმა გიგი უგულავასა და პარლამენტის ექს-სპიკერ დავით ბაქრაძის თაოსნობით პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მათ ამის მიზეზად „ნაცმოძრაობის“ სულისჩამდგმელ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირება დაასახელეს. ახლო მომავალში ისინი პარტია „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდებიან, რომლის თავმჯდომარეც ნუგზარ წერეთელი — „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრის გიგი წერეთლის მამაა.
„(2013 წელს — რედ.) ჩვენ ისეთ პოლიტიკურ დევნას განვიცდიდით, რომელიც პირველ საუკუნეში ქრისტიანების მიმართაც არ ყოფილა. სააკაშვილი, როგორც პარტიის ლიდერი, ვალდებული იყო პარტიის ლიდერებთან და მხარდამჭერებთან მიმართებით ახალი მიდგომები მოეძებნა, მაგრამ ვერ შეძლო“, — განაცხადა უგულავამ.
2013 წელს არავინ იყო ისეთი, ვინც „არაადეკვატურ სააკაშვილს“ ეტყოდა, რომ ჩვენ პოლიტიკური ფიგურები ვართ, მასზე უფრო ძლიერი და ამიტომ ის უნდა წავიდეს პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან, მაგრამ დღეს ამის შესახებ საუბარი გაბედულად შემიძლია, დასძინა უგულავამ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თბილისის ყოფილმა მერმა აღნიშნა, რომ იგი არ აპირებს პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობას.
„საკითხი, ვინ იქნება პარტიის სათავეში, ყრილობაზე გადაწყდება. პირადად მე დავით ბაქრაძის კანდიდატურას ვუჭერ მხარს“, — განაცხადა მან.
„ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება სერიოზულ კონფლიქტში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პარტიის ლიდერების ნაწილი სააკაშვილის სურვილის წინააღმდეგ წავიდა. მათ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისა და პარლამენტში საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პოლიტსაბჭოში ხმათა უმრავლესობა მოაგროვეს.
სააკაშვილმა ყოფილი მხარდამჭერები მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელთან ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.