თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დღეს უფლისციხის არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების გამოფენა გაიხსნება, ნათქვამია მუზეუმის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
გამოფენა დამთვალიერებელს 15:00 სათიდან ელოდება.
ექსპოზიცია ეძღვნება არქეოლოგ დავით ხახუტაიშვილის დაბადებიდან 93 წლის იუბილეს.
დავით ხახუტაიშვილი პირველია, ვინც 60 წლის წინ უფლისციხეში ფართო არქეოლოგიური გათხრები აწარმოა. ამასთანავე მან გამოსცა პირველი სრული ნაშრომები უფლისციხის შესახებ.
უფლისციხეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა მოიცავს პერიოდს ძვ.წ.აღ.-ის IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ახ.წ. XVIII საუკუნის ჩათვლით.
გამოფენაზე ქრონოლოგიური პრინციპით იქნება წარმოდგენილი უფლისციხესა და მის მიდამოებში აღმოჩენილი უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტები.
სტუმრებს უნიკალური შანსი ექნებათ დაათვალიერონ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო, საკულტო-სარიტუალო დანიშნულების მრავალფეროვანი ნივთები, რომლებიც დამზადებულია თიხის, ქვის, ბრინჯაოს, რკინის და ოქროსსგან. ასევე მცირე პლასტიკისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები, სამკაულები, მონეტები.
უფლისციხის ნაქალაქარიდან გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ფეოდალური პერიოდის მასალა, ადრეფეოდალური ხანიდან XVIII ს-ის ჩათვლით. მრავლადაა წარმოდგენილი თიხის ჭურჭელი, შედარებით ნაკლებია მინა, ლითონი, გვხვდება ქართული და შემოტანილი მონეტები.
გამოფენა „უფლისციხე 60“ 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
უფლისციხე ქალაქ გორთან არსებული კლდეში ნაკვეთი ქალაქია. იგი წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება.