თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნიკალური ხელნაწერი გეოგრაფიული რუკების გამოფენა გაიმართება. უძველესი რუკა მე-18 საუკუნით თარიღდება.
ღონისძიება, რომელიც ორშაბათს იწყება და ერთი კვირა გაგრძელდება, ცნობილი კარტოგრაფისა და გეოგრაფის, ალექსანდრე ასლანიკაშვილის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენის სტუმრები ასლანიკაშვილის შექმნილ რუკებსა და ატლასებს გაეცნობიან. მათ შორისაა 1964 წლის საქართველოს ატლასი, სსრკ-ის კურორტები და საკურორტო რესურსები 1989 წლის და სხვა, იუწყებიან ორგანიზატორები.
წარმოდგენილ ხელნაწერ რუკათა შორის უძველესია მე-18 საუკუნეში შედგენილი რუკები: ტიმოთე გაბაშვილის დასავლეთ საქართველოს (იმერეთის) რუკა და ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს რუკა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ივანე ჯავახიშვილის 1913 წლის ხელნაწერი რუკა (საქართველოს საისტორიო რუკა VII-XII სს, შედგენილი ძველი წყაროების მიხედვით) და სვიმონ ციციშვილის ძველი საქართველოს ანუ გიორგიის რუკა (1935-1936 წწ.), პარიზში ემიგრაციაში ყოფნისას შედგენილი რუკა. როგორც ფიქრობენ, რუკის შედგენისას მას კონსულტაციას უწევდა იმხანად პარიზში მცხოვრები ექვთიმე თაყაიშვილი.
ექსპოზიციაში გამოფენილი იქნება დემურ ტაბიძის მიერ შედგენილი ფიზიოგრაფიული რუკები, ე.წ. ჩიტის თვალით დანახული საქართველოს ულამაზესი ხედები.