თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობის მიღების შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება, პოლიციის გამომძიებლებს მომხდარის შესახებ ესაუბრა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" შს სამინისტროზე დაყრდნობით.
გოგოჭურ და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი თბილისში ხუთშაბათს ბალანჩივაძის ქუჩაზე სროლისას დაჭრეს. მომხდარის შემდეგ დაზარალებულები აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) გადაიყვანეს, სადაც გოგოჭურს ოპერაცია ჩაუტარდა.
ამ ეტაპზე საქართველოს შს სამინისტრო არ ახმაურებს არც დაკითხვის, არც მომხდარის დეტალებს. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დამნაშავეებს 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ექიმების თქმით, ორივე დაჭრილს ჯანმრთელობის მდგომარეობის პოზიტიური დინამიკა აღენიშნებათ და მათ, სავარაუდოდო, შაბათს გაწერენ.
„თათრიშვილს აქვს გულ-მკერდის არეში არაშემავალი ჭრილობა მიყენებული, ანუ ცოტა მარტივი დაზიანებაა. გოგოჭურს კი, წვივის დაზიანება აქვს. ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’’, — ამბობს ქირურგი ილია წერეთელი.
მინდია გოგოჭური საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას ქალიშვილის (პირველი ქორწინებიდან) ქმარია.
საქართველოს პრეზიდენტის სიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მეორედ მოხვდა. 2016 წლის ზაფხულში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გოგოჭურზე პოლიციის თანამშრომლები ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ — ის გააჩერეს ქუჩაში, რის შემდეგაც გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი ბინა და ავტომანქანა შესაბამისი ორდერის გარეშე.
საქართველოს პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადაჭარბების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიციელებს უფლებამოსილება არ გადაუჭარბებიათ.
ოპერატიულ თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების თაობაზე ჰქონდათ ინფორმაცია და სწორედ ამ მიზნით გაჩხრიკეს გოგოჭურისა და მისი ორი მეგობრის საცხოვრებელი ბინები, რომლებიც ასევე დაიბარეს პროკურატურაში. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას პრეზიდენტის სიძეს ცეცხლსასროლი იარაღი ვერ აღმოუჩინეს და, შესაბამისად, არც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიუციათ.