თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართული თეატრის დღეს, რომელიც ყოველწლიურად 14 იანვარს აღინიშნება, ქვეყნისათვის თეატრის ისტორიულ მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
„თეატრი ისტორიულ როლს ასრულებდა ქართული ეროვნული ცნობიერების გადარჩენასა და შენარჩუნებაში, რადგან სცენა ირეკლავდა სოციალურ პრობლემებსაც და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს. გილოცავთ ქართული თეატრის დღეს. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლებია ქართულ თეატრს და შესაბამისად ჩვენს კულტურას ემსახურება", — ნათქვამია სამინისტროს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ გიორგაძის განცხადებაში.
საქართველოში ეს დღე 167-ედ აღინიშნება. თავისი არსებობის ათვლას დღესასწაული იმ საღამოდან იწყებს, როდესაც პირველად 1850 წელს ნაჩვენები იყო ქართული თეატრის პროფესიონალი ფუძემდებლის გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა". ეს იყო პირველი და მაშინ ერთადერთი პროფესიონალური ქართული თეატრი საქართველოში. ამჟამად საქართველო 48 თეატრს ითვლის.
1850 წელს დრამატურგ გიორგი ერისთავის აქტიური მონაწილეობით, აღორძინდა ქართული თეატრი, რომელსაც საკუთარი საუკუნოვანი ისტორია და მდიდარი სასცენო ტრადიციები გააჩნდა. აღორძინების პირველივე დღეებიდან ქართული თეატრი რეალისტური ხელოვნების გზას დაადგა. მის სცენაზე დაიდგა გიორგი ერისთავისა და ზურაბ ანტონოვის პიესები, უპირატესად კომედიური ხასიათის, სადაც ავტორები სატირის მახვილს აღმართავდნენ გადაგვარებამდე მისულ თავად-აზნაურობას, ვაჭრებსა და მევახშეებს, მეფის უსინდისო ჩინოვნიკებს.
ეროვნული თეატრის აღორძინება ქართველი ხალხის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა. თუმცა თეატრალურ დასს მუშაობა ძალიან მძიმე პირობებში უწევდა. მეფის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობდნენ ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის ხელი შეეშალათ. თეატრს შენობა წაართვეს, მის რეპერტუარს უმკაცრესი ცენზურა დაუწესდა.
ამ მიზეზთა გამო, 1856 წელს გიორგი ერისთავის თეატრალური დასი დაიშალა და 70-იანი წლების ბოლომდე ქართული დრამატურგების პიესების დადგმები მხოლოდ მოყვარული თეატრალების ძალებით ხორციელდებოდა.
ქართული სასცენო ხელოვნების განვითარების ახალი, საკმაოდ ნაყოფიერი ეტაპი 1879 წელს იწყება, როდესაც თბილისში მოწინავე მოღვაწეთა ჯგუფმა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი ედგნენ სათავეში, ქართული პროფესიონალური დრამატული თეატრის გახსნის ნებართვა მიიღო. ერთი წლის შემდეგ თეატრი ქუთაისშიც გაიხსნა.
იმ პერიოდში ქართული დრამატული თეატრების სცენებზე ნიჭიერი მსახიობები და რეჟისორები გამოჩნდნენ: ვასო აბაშიძე (1854-1926), ლადო მესხიშვილი (1857-1930), ნატო გაბუნია(1859-1910), მაკო საფაროვა-აბაშიძე (1860-1940), კოტე ყიფიანი(1849-1921), კოტე მესხი (1859-1914), ვალერიან გუნია (1862-1938). ისინი ქართული სცენის უნიჭიერესი ოსტატები იყვნენ, რომლებმაც ქართული თეატრალური ხელოვნება დიდ სიმაღლეზე აიყვანეს.