თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თბილისში ლეგენდარული ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძის ძეგლის გახსნის ცერემონია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ გაიმართა.
2,2 მეტრის სიმაღლის მონუმენტის ავტორი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა. სწორედ მისმა პროექტმა გაიმარჯვა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. სულ კონკურსზე 5 განაცხადი შევიდა.
ნატო ვაჩნაძე (ანდრონიკაშვილი) ვარშავაში 1904 წლის 4 ივნისს დაიბადა. 1919 წლიდან მომავალი მსახიობი ასანთის ფაბრიკაში მუშაობდა, მოგვიანებით — მუსიკის მასწავლებლად. 1923 წელს ნატოს პორტრეტი ტფილისის ფოტოატელიეში "გოსკინპრომის" ადმინისტრატორმა დაინახა. გოგონა მოძებნეს და გურჯაანში იპოვეს, სადაც ის მაშინ ცხოვრობდა და კინოში ორი როლი შესთავაზეს ("მამისმკვლელი" და "არსენა ყაჩაღი"), რომლებმაც მას მაშინვე დიდი წარმატება მოუტანა.
ნატო ვაჩნაძე 24 ფილმშია გადაღებული: „არსენა ყაჩაღი“, „ნათელა“, „ამოკი“, „სამი სიცოცხლე“, „ქალიშვილი ხიდობნიდან“, „ქეთო და კოტე“, „ ქაჯანა“, „უკანასკნელი მასკარადი“, „სამშობლო“, „კრაზანა“ და სხვა.
ნატო ვაჩნაძის პირველი მეუღლე მერაბ ვაჩნაძე, მეორე კი კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია იყო. კინორეჟისორთან მსახიობს ორი ვაჟი შეეძინა — ცნობილი ქართველი რეჟისორები ელდარ და გიორგი შენგელაიები. ნატო ვაჩნაძე მესამე მეუღლე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დამაარსებელი, კაპიტანი ნიკოლოზ კაჭარავა იყო.
ნატო ვაჩნაძე ავიაკატასტროფისას 1953 წლის 14 ივნისს დაიღუპა. გურჯაანში მსახიობის მემორიალური მუზეუმია გახსნილი.